“მემუქრებოდნენ, როგორც კი ხმას ამოიღებ, გესვრითო”, – რას ყვება გატაცებული ბიზნესმენი?!

“მემუქრებოდნენ, როგორც კი ხმას ამოიღებ, გესვრითო”, – ამის შესახებ კომპანია “სვეტის” დამფუძნებელი გია ჯიბლაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ბიზნესმენის გატაცების საქმის ოთხ ფიგურანტს – ნიკოლოზ ბახტაძეს, ლევან ჩქარეულს, ნიკიფორე კუტალაძესა და დავით ბერეჟიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით. როგორც სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელი გია ჯიბლაძე ამბობს, 26 მაისის საღამოს 9 საათზე ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა ის თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს. არც ერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, ლევან ჩქარეული, “სვეტის” პარტნიორი კომპანია “მშენებელი 3”-ის დირექტორია.
გია ჯიბლაძის გატაცებაში ბრალდებულების დაკავებიდან რამდენიმე დღეში ბიზნესმენის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. კერძოდ, გასული წლის 21 მაისს კომპანია “კიდ არქიტექტურის” დამფუძნებელი ნიკოლოზ შავიშვილი გაიტაცეს. ახლო წარსულში შავიშვილიც ზურაბ წერეთლის ბიზნესპარტნიორი ყოფილა და მასთან ერთად, ბაკურიანში დეველოპერულ პროექტს ახორციელებდა. შავიშვილი ახლა ხელახლა დაკითხეს და არსებული ინფორმაციით, ჯიბლაძის საქმეზე დაკავებული ოთხეულიდან დაასახელა ორი პირი, რომლებიც მის გამტაცებელთა შორის იყვნენ.
„26 მაისს, სამსახურიდან დაბრუნებულს, ყიფშიძის ქუჩაზე, ჩემი სახლის სადარბაზოსთან, ვერცხლისფერი მიკროავტობუსი დამხვდა. მოულოდნელად, კარი გაიღო, რამდენიმე პირი გადმოხტა, ტომარა ჩამომაცვეს თავზე და წამიყვანეს, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში. ტომარა რომ მომხსნეს, ჩემ წინ იდგა ის ოთხეული, რომელიც დღეს დაკავებულია. სანამ ადგილამდე არ მივედით, არაფერს მეუბნებოდნენ, ხელებიც შებოჭილი მქონდა, იარაღს მიმიზნებდნენ და მემუქრებოდნენ, როგორც კი ხმას ამოიღებ, გესვრითო“, -აცხადებს გია ჯიბლაძე.
რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას, რომ ჯიბლაძე გზაში მეუღლეს ელაპარაკა
დამშვიდობებისას კი, გამტაცებლებს „პირზე კოცნით დაშორდა“ ჯიბლაძე შემდეგნაირად პასუხობს:
„მანქანაში არა, დაახლოებით 1 საათის შემდეგ, პარკირების ადგილზე მეუღლემ დამირეკა და მშვიდად ვესაუბრე, იმიტომ, რომ მომკლავდა ის ოთხი ბანდიტი“
როგორც ჯიბლაძე აცხადებს, გამტაცებლები 125 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსში 200 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობის გადაფორმებასა და 150.000 დოლარს სთხოვდნენ.
„საბურთალოზე, ნუცუბიძის 125 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსში 200 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობის გადაფორმებასა და 150.000 დოლარს მთხოვდნენ. დავთანხმდი თუ არა, თვითონვე მომაბრუნეს უკან – ისევ ჩამომაცვეს ტომარა, ჩამსვეს მანქანაში და ჩემს სახლთან დამტოვეს. ამასობაში, იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც კი ჩამომსვეს, მაშინვე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს დავუკავშირდი, ექსპერტიზის ბიუროშიც მივედი, სადაც ექსპერტიზა ჩამიტარდა, დაფიქსირებულია ყველა სისხლჩაქცევა, რაც კი მქონდა სახესა და ხელებზე“, – აცხადებს ჯიბლაძე.
წყარო: „კვირის პალიტრა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები