„ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავრობას გუბერნატორების და გამგებლის წარმომადგენლის ინსტიტუტის გაუქმებას სთავაზობს

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“ ტერიტორიული მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას გუბერნატორისა და ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების ინსტიტუტების გაუქმებას სთავაზობს. როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ლაბაძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, გუბერნატორის და გამგებლის რწმუნებულის ინსტიტუტის დატოვება, შეიძლება, სახელმწიფოს ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვად შეფასდეს.
„ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, „თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემის შედეგად არჩეული 15 წევრის და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისგან.“ აქედან გამომდინარე, თვითმმართველ ერთეულში არსებულ ტერიტორიულ ერთეულებს წარმოადგენენ, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები. ეს ნიშნავს იმას, რომ შედარებით წვრილ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ადგილობრივ დონეზე, წარმომადგენლები ჰყავთ. მსგავს პრაქტიკას ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ავსტრიაში, შვეიცარიასა თუ შვედეთში ვხვდებით, რომლებიც, თავის მხრივ, დაყოფილია რეგიონებად, კანტონებად თუ საგრაფოებად, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფა მუნიციპალიტეტებად. ხსენებული მუნიციპალიტეტები იმართება ადგილობრივ დონეზე არჩეული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ, რომელთა წევრები, აირჩევიან პირდაპირი გზით, პროპორციული სისტემის შედეგად და იცავენ მთელი მუნიციპალიტეტის ინტერესებს“, – აღნიშნა ლაბაძემ.
​ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მმართველობას არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენელი, არამედ გამგებლის მიერ დანიშნული მოხელე ახორციელებს.
„სახეზე გვაქვს მოხელეთა კატეგორია, რომელიც ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული არ არის. ბიუროკრატიულ სიძნელეებთან და ანგარიშვალდებულების არარსებობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ის ხარჯები, რაც ყოველწლიურად გაიწევა ამ დანიშვნითი მოხელეების მიმართ. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლობა იმ რაოდენობის ანაზღაურებას იღებს, რომ იმავე ოდენობის თანხით, შეიძლებოდა სოფლის მეურნეობის სერიოზული სუბსიდირება და წახალისება მომხდარიყო”, – აცხადებს ლაბაძე.
გიორგი ლაბაძის განცხადებით, საჭიროა, მოხდეს მუნიციპალიტეტების გადიდება, მათთვის მეტი კომპეტენციების გადაცემა, რაც ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციას და ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას. მისივე თქმით, აუცილებელია, გაუქმდეს გუბერნატორის ინსტიტუტიც, ვინაიდან ზედამხედველობითი უფლებამოსილების მქონე ორგანო, დეცენტრალიზაციის პირობებში, არავითარ საჭიროებას აღარ წარმოადგენს.
„ მსგავსი ორგანო საჭიროა მაშინ, თუკი სახელმწიფო არ აღიარებს სუბსიდიარობის პრინციპს და ცდილობს მის აბსოლუტურ ცენტრალიზაციას. ამასთან, სახეზეა გუბერნატორების აპარატის შენახვის საკითხიც. გთავაზობთ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებს, რაც გათვალისწინებულია სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საქმიანობისათვის სხვადასხვა მხარეში : სამეგრელო–ზემო სვანეთი 800 000 ლ; გურია 610 000 ლ; იმერეთი 735 000 ლ; კახეთი 725 000 ლ; მცხეთა–მთიანეთი 592 000 ლ; რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი 585 000 ლ; სამცხე–ჯავახეთი 595 000 ლ; ქვემო ქართლი 860 000 ლ; შიდა ქართლი 625 000 ლ. სულ, 6 127 000 ლ.
მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად, საქმე გვაქვს რეგიონების მართვასთან დაკავშირებული ფინანსების შეუსაბამო და არაპრიორიტეტულ გადანაწილებასთან“, – განაცხადა გიორგი ლაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები