მაღალგამდიდრებული ურანის უკან დაბრუნების პროგრამიდან მიღებული გამოცდილების შესახებ შეხვედრა გაიმართება

19-22 ივნისს, სასტუმრო „ბილტმორში“, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მაღალგამდიდრებული ურანის უკან დაბრუნების პროგრამიდან მიღებული გამოცდილების შესახებ მე-11 ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.
ტექნიკური შეხვედრის ორგანიზატორია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური შეხვედრის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი ის სახელმწიფოები, სადაც ფუნქციონირებს კვლევითი რეაქტორები და მარეგულირებელი ორგანოები, რომლებიც ჩართულნი არიან რუსული ან ჩინური წარმოშობის გამოყენებული ან გამოუყენებელი მაღალგამდიდრებული ურანის საწვავის წარმოშობის სახელმწიფოში დაბრუნების პროგრამაში (ბელორუსია, ბულგარეთი, ჩინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, საქართველო, გერმანია, განა, უნგრეთი, ყაზახეთი, ლატვია, ლიბია, ნიგერია, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, სერბეთი, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, უზბეკეთი და ვიეტნამი).
ტექნიკურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე წარმომადგენელი – მაღალი რანგის პროფესიონალები ჩამოთვლილი სახელმწიფოების მარეგულირებელი ორგანოებიდან და კვლევითი რეაქტორებიდან.
უწყების ცნობით, 2015 წლის დასასრულს, საქართველომ განახორციელა ქვეკრიტიკული დანადგარი „გამამრავლებელი I“-ის მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაცია (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის № 1153 განკარგულება). რეპატრიაციის შედეგად მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციიდან მიღებული გამოცდილების შესახებ შეხვედრის ჩატარების ადგილად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ შეირჩა ქ. თბილისი, საქართველო.
სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური შეხვედრის მიზანია მაღალგამდიდრებული ურანის უკან დაბრუნების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული რეპატრიაციიდან მიღებული გამოცდილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისათვის. გამოცდილების გაზიარება მიიჩნევა მაღალგამდიდრებული ურანის სამოქალაქო მიზნებით გამოყენების შესამცირებლად საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე ღონისძიებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ტექნიკური შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მაღალგამდიდრებული ურანის საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებულ დეტალებზე, მათ შორის, ამგვარი გადაზიდვის დროს უსაფრთხოების, რადიაციული და ფიზიკური დაცვის გაუმჯობესებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები