საარჩევნო ადმინისტრაცია პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შედეგებს განიხილავს

საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივის – „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შედეგებს განიხილავს. ცესკოს ხელმძღვანელი პირები და სამუშაო ჯგუფის წევრები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან პროექტის განხორციელებისას მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობენ, განიხილავენ იმ მოსაზრებებს, რომლებიც ამომრჩეველთა მიერ პროექტის ფარგლებში გამოითქვა.
ინიციატივა „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2017 წელს პირველად განხორციელდა. პროექტი 2017 წელს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა. პირველ ეტაპზე, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და მოხალისეებმა მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამომრჩევლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს. მათ მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საინფორმაციო ბარათები დაურიგეს და საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე ესაუბრნენ.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და საჭიროებების შესახებ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი ამომრჩეველთა მოსაზრებების ბარათში. გარდა ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართა საჯარო შეხვედრები – „ამომრჩევლის დღე“. შეხვედრაზე მისულ დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მნიშვნელობის, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ აწვდიდნენ.
საერთო ჯამში, 73 საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე 449 შეხვედრა გაიმართა. პროექტი 24 აპრილიდან 31 მაისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლებში, საოლქო საარჩევნო კომისიების 340 წევრისა და 491 მოხალისის მონაწილეობით განხორციელდა.
საარჩევნო ადმინისტრაცია, კომპეტენციის ფარგლებში, გეგმავს პროექტისგან მიღებული ინფორმაციის საკუთარ საქმიანობაში გათვალისწინებას.

(NS)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები