პრემიერი: იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით და სათანადოდ უნდა იყოს გამოყენებული

“უდიდესი გრძნობაა, როდესაც ჩვენი დიდი მწერლის, დავით კლდიაშვილის ეზოში დგახარ, იმერეთის ამ ულამაზეს სოფელში”, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თერჯოლაში, კერძოდ,სოფელ ზედა სიმონეთში მიმდინარე სახალხო ზეიმის მონაწილეებს.
​როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ყველა შესაძლებლობა სათანადოდ უნდა იქნეს გამოყენებული.
„მოხარული ვარ, რომ აქ ასეთი განწყობაა. უდიდესი გრძნობაა, როდესაც ჩვენი დიდი მწერლის, დავით კლდიაშვილის ეზოში დგახარ, იმერეთის ამ ულამაზეს სოფელში. მინდა, მოგესალმოთ, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც დღეს ასეთი განწყობა შექმნა. მადლობა ელგუჯა გოცირიძეს და ახალგაზრდებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს დღევანდელი დღის მოწყობაში. იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ჩვენი მოვალეობაა, ყველა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ავითვისოთ. საქართველოს ინფრასტრუქტურული სივრცითი განვითარების პროგრამა მოიცავს ყველა რეგიონს, ყველა სოფელს და გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ყველა წერტილში უნდა იყოს ადვილი მისვლა და ხელმისაწვდომი ყველა ძირითადი მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. იმერეთს აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობა ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მისი გამორჩეული ადამიანებით და რა თქმა უნდა, გეოგრაფიული მდებარეობით. ის არის დამაკავშირებელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის“,- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქუთაისი საქართველოს ცენტრად ყალიბდება, საიდანაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოხვედრა ძალიან მარტივი იქნება .
„ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს ყველა ადგილას, მათ შორის, ამ ულამაზეს ადგილას, ტურიზმის შესაძლებლობის განვითარებას, რაც თავისთავად, ნიშნავს საქართველოს ყველა ოჯახში უფრო მეტ შემოსავალს და უფრო წელგამართულ ქართულ ოჯახს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ სწრაფად და თანმიმდევრულად ვახორციელებთ ამ პროგრამას“,- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, თერჯოლაში 8 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა – 26 კილომეტრი გზა მოეწყო, თანამედროვე სტანდარტების 5 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, აღდგა გალერეა, საგამოფენო სივრცე, თუმცა, კვირიკაშვილის თქმით, ეს ყველაფერი არ არის.
„ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამები. ყველაზე მთავარია, ადამიანების მომზადება იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე ცხოვრებას და არა მხოლოდ ფეხი აუწყონ, არამედ საქართველოს მისცენ განვითარების ძალიან დიდი ბიძგი. სწორედ ამიტომ, ჩვენ პირველ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ განათლების სისტემის განვითარება. ეს არის უმაღლესი განათლება იმ მიმართულებებში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და პროფესიული განათლების პრესტიჟის აღდგენა და განვითარებაა. სახელმწიფო დღეს უზრუნველყოფს უფასო პროფესიულ განათლებას ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით, ყველაზე მთავარი მაინც არის ერთი რამ – ეს არის ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ამას ვხედავ დღეს მე ზედა სიმონეთში და ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ჩვენმა ერმა, ქართველმა ხალხმა შეძლოს კონსოლიდაცია, ერთად დგომა, ერთმანეთის მეტი სიყვარული და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევა. ეს არის ყველაზე მთავარი. დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის დახარჯული თანხა და ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგრამ ჩვენ ადამიანების გულები თუ არ გავაერთიანეთ, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. გამართული ინფრასტრუქტურა, აღორძინებული ადგილობრივი ტრადიციული წარმოებები და მომზადებული ადამიანები და ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანების განწყობა და ერთმანეთისადმი სიყვარული არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ და სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და იმ ამაღლებულ განწყობას, რომელიც ყველა ჩვენგანს დღეს აქ გააჩნია“,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები