მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე (www.acda.gov.ge) დღეს გამოცხადდა და 1 ივლისამდე გაგრძელდება.
პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, 1 ერთეული 12-ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220 ლიტრიანი) ავზები, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს, ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით.
იმ კოოპერატივს რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე, იმ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები, კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ღირებულების 20% -ის ოდენობით.
პროგრამაში მონაწილეს შეუძლია, მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.
კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსასყიდლოდ შემოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. მონაწილე მიიღებს ტექნიკურ დახმარებასაც, „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.
პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის ოჯახები, სკების მიღებიდან 2 წლის ვადაში.
პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები