ოპოზიციამ ვენეციის კომისიას მორიგი წერილი მისწერა – რას სთხოვენ ქართველი პოლიტიკოსები კომისიის წარმომადგენლებს

15-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვენეციის კომისიას მორიგი წერილით მიმართა. ქართული ოპოზიციური სპექტრის ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სათავისო ინტერპრეტირებას ახდენს. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ქართულმა კვალიფიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ვენეციის კომისიას სთხოვეს, კიდევ უფრო მკვეთრად და გამოკვეთილად იქნეს მოცემული საბოლოო დასკვნაში რეკომენდაციები, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს საშუალება, სათავისო ინტერპრეტაციები განახორციელოს.
„ ვიცე სპიკერის თქმით, თურმე, ჩვენ პროპორციულ სისტემაზე ეტაპობრივად გადავალთ. 2020 -ში, თურმე, ისევ მაჟორიტარული წესით უნდა ჩავატაროთ არჩევნები და 2024-დან გადავიდეთ პროპორციულზე. თუ ეს რეალურად განხორციელდა და სამართლებრივ სივრცეში აისახა, ქვეყანაში, პოლიტიკური თვალსაზრისით, უკიდურესად მძიმე ვითარება შეიქმნება. ეს იქნება პროცესის ჩიხში შეყვანა, რომლიდანაც მშვიდობიანი გამოსავალი აღარ დარჩება. ჩიხში შესული პროცესი ყოველთვის მძიმე პროცესებით ვითარდება ხოლმე. ჩვენ მიერ გაგზავნილ წერილში დეტალურად იქნა აღწერილი ის, თუ როგორ არასწორად და სათავისოდ კითხულობს ხელისუფლება ვენეციის კომისიის პირველად დასკვნას. ვთხოვთ ვენეციის კომისიას, რომ კიდევ უფრო მკვეთრად და გამოკვეთილად იქნეს მოცემული საბოლოო დასკვნაში რეკომენდაციები, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს საშუალება, სათავისო ინტერპრეტაციები განახორციელოს. წერილში ვსაუბრობთ, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არასწორად ინტერპრეტირებს. ასე იქცევა გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებითაც. ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ზედა ზღვარს დააწესებს, 90% იქნება ზედა ზღვარი , ქვედა ზღვარი კი 40 % . ანუ თუ პარტია 40%-ს აიღებს და პირველ ადგილზე გავა, მას შეევსება მანდატები 90-მდე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ თუ პარტიამ 40% აიღო, მას პარლამენტში ეკუთვნის 60 მანდატი და დამატებით 30 მანდატი უნდა წაიღოს, ყოველგვარი დამსახურების გარეშე. გადაუნაწილებელი მანდატების თემას ქართული ოცნება ანაცვლებს ზედა ზღვრით. ზედა ზღვარი რომ იქნება 90 და ქვედა 40, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს 30 მანდატი ავტომატურად ეკუთვნის მას საჩუქრად. ჩვენ ამ უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვით“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები