პრემიერი: 13-14 ივნისის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რას ნიშნავს საერთო განსაცდელი და რა ძალა აქვს ერთიანობას

13-14 ივნისის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რას ნიშნავს საერთო განსაცდელი და რა ძალა აქვს ერთიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისს თავს დაატყდა სტიქია, რომელსაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა – სტიქიურმა უბედურებამ ჩვენი 21 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი, ასეულობით კი დაზარალდა. კიდევ ერთხელ პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და თანავუგრძნობ მათ ოჯახებს.

ეს იყო დიდი განსაცდელი და ტრაგედია, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ. რომ არა ჩვენი მაშველების თავგანწირვა, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. მინდა ქედი მოვიხარო ზურაბ მუზაშვილის ხსოვნის წინაშე, მაშველის, რომელმაც 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და თავად დაიღუპა.
13-14 ივნისის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რას ნიშნავს საერთო განსაცდელი და რა ძალა აქვს ერთიანობას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. იმ მძიმე დღეებში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ფეხზე დადგა ყველა, განსაკუთრებით კი, ჩვენი ახალგაზრდები – ისინი დადგნენ იქ, სადაც ნამდვილი მოქალაქე უნდა მდგარიყო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ 13 ივნისი, დიდ განსაცდელთან ერთად, სოლიდარობის განუზომელ ძალასა და მნიშვნელობას შეგვახსენებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები