საქართველოში ბლუზის პირველ ფესტივალს ჩიკაგოელი შერონ ლუისი გახსნის
17 ივნისს, საქართველოში ბლუზის პირველ ფესტივალს ჩიკაგოელი ბლუზ-დივა შერონ ლუისი გახსნის. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 17 ივნისს ფესტივალზე Sharon Lewis გამოვა, 18 ივნისს კი ჯემსეიშენი – ქართველი და უცხოელი ბლუზმენების ერთობლივი იმპროვიზირებული შესრულება გაიმართება.
„შერონ ლუისის ძლიერი, სულში ჩამწვდომი ხმა – მსოფლიოს მერვე საოცრებაა მუსიკალურ სამყაროში“ – წერს „ჩიკაგო ტრიბუნის“ მუსიკალური კრიტიკოსი ჰოვარდ რეიჩი.
Sharon Lewis (შერონ ლუის) ერთ-ერთია იმ 10 სახელგანთქმულ სოლისტთა შორის, ვინც მონაწილეობდა 2012 წლის უნიკალურ კონცერტში Blues Mamas for Obama. მის ხმას ადარებენ ისეთ ცნობილ ვოკალისტებს, როგორიცაა Aretha Franklin, Etta James, Koko Taylor (ერიტა ფრენკლინ, ეტა ჯეიმს, კოკო ტეილორ). სხვა ბლუზ-დივების მსგავსად, მან სიმღერა ლაპარაკზე ადრე დაიწყო. უკრავდა თავის პატარა წითელ ტამბურინზე და დებთან ერთად მღეროდა გოსპელს (სასულიერო-ქრისტიანული მუსიკალური ჟანრი) ეკლესიაში. ტეხასიდან ჩიკაგოში გადასვლის შემდეგ გოსპელთან შერწყმული დელტა-ბლუზით (ქანთრი ბლუზის ერთ-ერთი ადრეული რეგიონული ვარიაცია), ტეხასური და ჩიკაგოს ბლუზ-სკოლების გავლენით მისი საშემსრულებლო მანერა, მართლაც, საოცრად გამორჩეული გახდა.
შერონი უკვე რამდენიმე წლის მანძილზე Chicago Blues Festival-ის ჰედლაინერია და ჩიკაგოს მთავარი ბლუზ-კლუბების: Buddy Guy’s Legends და Rosa’s lounge რეზიდენტი შემსრულებელს წარმოადგენს. 2009 წელს Sharon Lewis &Texas Fire შევიდა ტოპ 15 ამერიკის საუკეთესო ბლუზ-ჯგუფებში, პრესტიჟულ ჟურნალ Blues Revue-ს მეშვეობით 2011 წლის ალბომმა The Real Deal საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
მუსიკალური კარიერის განმავლობაში შერონი სცენაზე გამოდის ბლუზისა და სოულის ისეთ ლეგენდებთან ერთად, როგორიცაა: Koko Taylor, Son Seals, Denise LaSalle, Robben Ford, Coco Montoya, Billy Branch, Melvin Taylor, Sugar Blue, Mumford & Sons და მრავალი სხვა.
შერონ ლუისმა გასტროლებით ნახევარი მსოფლიო შემოიარა და 2017 წლის ივნისში საქართველოს ეწვევა.
ლაგოდეხში, ბლუზვილიჯის ღია სივრცეში პირველად გაიჟღერებს მისი შეუდარებელი ხმა.