ადვოკატი: მუხთარლისა და მის მეუღლეს აუცილებელია ჰქონდეთ დაზარალებულის სტატუსი, მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ უფლებები

„ეს არის საჩივარი, რომლითაც ვითხოვთ საქალაქო სასამართლოსგან, რომ დაზარალებულად ცნონ აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა“, – ამის შესახებ მუხთარლის ადვოკატმა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის იურისტმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა. აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მიზნით, მან საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ამ სტატუსის მინიჭება მათთვის მნიშვნელოვანია და პროკურატურამ შესაბამისი დადგენილება ამ დრომდე არ მიიღო.
„ეს არის საჩივარი, რომლითაც ვითხოვთ საქალაქო სასამართლოსგან, რომ დაზარალებულად ცნონ აფგან მუხთარლი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის, მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში. ასევე, დაზარალებულად ცნონ ლეილა მუსტაფაევა, სისხლის სამართლის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით დადგენილება დღემდე არ მიიღო. სწორედ ამიტომ, კანონის შესაბამისად, ეს საჩივრდება საქალაქო სასამართლოში. აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ეს სტატუსი. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ უფლებები. სასამართლოს აქვს 15-დღიანი ვადა. მთავარი გარემოებაა ის, რომ 29 მაისს ოთხმა ადამიანმა ძალის გამოყენებით ჩასვა „ოპელის“ მარკის ავტომობილში აფგან მუხთარლი და ის გაიტაცეს. ეს დასტურდება მოწმეების ჩვენებებით. ის ამჟამად აზერბაიჯანის ციხეშია და მისთვის შეფარდებული პატიმრობა, შეფასებულია, როგორც პოლიტიკური პატიმრობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები