„ქართული მიწა არის ჩვენი სამკვიდრო და მისი რეალიზაცია უცხოელებზე არის დაუშვებელი“

„ეროვნული სიმდიდრე მხოლოდ და მხოლოდ, რესურსთან არ არის დაკავშირებული. ქართული მიწა არის ჩვენი სამკვიდრო და მისი რეალიზაცია უცხოელებზე არის დაუშვებელი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
​გაჩეჩილაძის თქმით, სხვადსხვა მიზეზთა გამო, კატასტროფულად გაიზარდა მსოფლიოში დევნილების რაოდენობა. განსაკუთრებით, ეს ხდება აზიისა და აფრიკის რეგიონში. მისივე თქმით, არსებობს მილიონობით ადამიანი ირანში, რომლებიც ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, ახალ საცხოვრებელ ეძებს, ამ ყველაფრის ფონზე კი დეპუტატს, საფრთხეების ასაცილებლად, აუცილებელ საჭიროებად მიაჩნია, მიწის გასხვისების შეზღუდვა, კონსტიტუციაში აისახოს.
„ ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ. მისი გასხვისების შემთვევაში, ქართველი გლეხები რჩებიან მიწის გარეშე, დასაქმების გარეშე. ჰექტარი მიწა საქართველოში 5-7 ათას დოლარამდე ღირს. ერთი მეორადი მანქანის ფასია სულ. ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, რომელშიც უამრავი დევნილი წარმოიშვა, არამარტო ომების, არამედ კლიმატური პირობების გამოც. გაეროს ბოლო მონაცემებით, აზიისა და აფრიკის რეგიონებში წარმოშობილია 60 მილიონი დევნილი, რომელიც ეძებს ადგილს, სადაც უნდა ჩასახლდეს. ირანში, ურმის ტბის გარშემო, 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს ურმის ტბა დაშრა, შეიქმნა კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობა, წყალი არ აქვთ. ირანი და თვითონ ეს ხალხიც, ეძებს ტერიტორიას, სადაც ეს ადამიანები შეიძლება ჩასახლდნენ. უზარმაზარი საფრთხეები არსებობს, ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა ის, რომ უშუალოდ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ეს საკითხი. სანამ ეს საკითხი ჩაიწერება კონსტიტუციაში და ძალაში შევა, მანამდე რომ არ მოხდეს შესყიდვა, ჩვენ მიწის გასხვისებაზე მორატორიუმს ვაცხადებთ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები