გიორგი მარგველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა, პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის და იგი საქართველოში ვიზიტად მიიწვია.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ყაზახეთი და ასტანა წინსვლისა და განვითარების მაგალითია და სიმბოლურია, რომ მისი ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას – საქართველო – ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წლის იუბილესა და საერთაშორისო გამოფენას, „ექსპო 2017″-ს დაემთხვა, რომელზედაც საქართველო ღირსეულადაა წარმოდგენილი:

„მადლობას ვუხდი ყაზახეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ნურსულთან ნაზარბაევს, გულთბილი მასპინძლობისთვის.

დღეს ჩემი დიდი ხნის სურვილი შედგა, რომ ჩამოვსულიყავი მეგობრულ ქვეყანაში, ჩამოვსულიყავი განსაკუთრებულ ქალაქში, რომელიც საოცარი დინამიკით ვითარდება და რომელიც რეგიონის მომავალი განვითარების, მომავალი შესაძლებლობების საუკეთესო სიმბოლოა.

ბატონ პრეზიდენტთან ჩვენ ვისაუბრეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაზე და პერსპექტივაზე, ასევე, რეგიონის და გლობალური სტაბილურობის, გლობალური განვითარების საკითხებზე.

ყაზახეთთან ჩვენ ტრადიციულად, გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა, რომლის გაზრდის კარგი შესაძლებლობები არსებობს.

პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლებლობების გაზრდა, ეს ეხება, როგორც ენერგომატარებლებს, ასევე, სხვა პროდუქციას.

საჭიროა ამ თანამშრომლობის და ინვესტირების უფრო მეტი ინტენსიფიკაცია, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანას დაახლოებაში, როგორც კულტურის, ასევე, ახალგაზრდობისა და განათლების მიმართულებებითაც. ყოველივე ამის შესახებ ჩვენ ვილაპარაკეთ მომავალი გეგმების თვალსაზრისით.

წელს არის ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავი და ასევე, დღეს გვაქვს მშვენიერი შესაძლებლობა, EXPO 2017-ის კონტექსტში, საქართველომ წარმოადგინოს საკუთარი შესაძლებლობები საინტერესო და შთამბეჭდავ ქართულ პავილიონში, რომლისთვისაც ჩვენ ინტენსიურად ვემზადებოდით.

ვისაუბრეთ იმ სირთულეების შესახებ, რომელიც საქარველოს აქვს რეგიონში და მე მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მთლიანობაში, ვიზიტი გახდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაციის ნაწილში და მე გამოვხატე ბატონ პრეზიდენტთან ჩემი დიდი სურვილი, უახლოეს მომავალში, ბატონი პრეზიდენტი ვიხილოთ საქართველოში სტუმრად.

ეს იქნება მართლაც, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს შორის ეკონომიკის, ბიზნესის და ტურიზმის დაახლოების თვალსაზრისით. იმედი მაქვს, ეს ვიზიტი განხორციელდება უახლოეს მომავალში.

კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს პირადად და ჩვენს ყაზახ პარტნიორებს ასეთი გულთბილი დახვედრისათვის”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილის ვიზიტს ძალიან დროული და საჭირო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი დადებით ბიძგს მისცემს ორი ქვეყნის მთავრობებს, ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად.

როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო და ყაზახეთი დიდი სატრანზიტო შესაძლებლობების ქვეყნებია და მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობების განვითარება.

ნურსულთან ნაზარბაევმა საქართველო – ყაზახეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების, კულტურულ და განათლების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“ჩვენ შეგვიძლია, ორმხრივად გავცვალოთ სტუდენტები ჩვენს უნივერსიტეტებში, რომ ახალგაზრდობამ გააგრძელოს თაობების ტრადიცია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებას შეუწყოს ხელი ”, – აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები