ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია – სად მოეწყობა დედაქალაქში მრავალსართულიანი ავტოსადგომები

“​მრავალსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობასთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ პორტალ „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
​როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მერიის შესაბამისი სამსახურები ამ ეტაპზე, ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობენ.
„მრავალსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობასთან დაკავშირებით, დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ქალაქის მასშტაბით, შეირჩა ათი ადგილი, მათ შორის, არის ისეთი ადგილები, რომლებიც ძალიან დატვირთულია და პარკირებაზე მოთხოვნა მაღალია, მაგალითად, დინამოს სტადიონის, ფილარმონიის, თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიები. ჩვენი სამსახურები მუშაობენ ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის მომზადებაზე. ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე აქტიურ ფაზაში გადავა პროცედურები“, -განაცხადა დავით ნარმანიამ.
​დავით ნარმანიამ ინტერვიუში MAN-ის ლურჯი ავტობუსების პროექტსა და ახალი მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 41 ავტობუსი უკვე ემსახურება ქალაქს და დანარჩენი ავტობუსები 2-3 კვირაში გავლენ შესაბამის ხაზებზე. მისივე თქმით, მეორე ეტაპზე, იგეგმება მუშაობის დაწყება მცირეგაბარიტიანი ავტობუსების ჩამოყვანაზე, რომლებიც იმოძრავებენ ქალაქის ვიწრო ქუჩებში, სადაც დიდ ავტობუსებს არ შეუძლიათ შესვლა. რაც შეეხება ავტობაზას, ნარმანიას თქმით, ახალი ავტობუსების ბაზის მშენებლობა 2 კვირაში დასრულდება.
​„ახალი ევროპული სტანდარტების მქონე MAN-ის მარკის ბოლო მოდელის ავტობუსების ჩამოყვანა – ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საამაყო და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. პროექტის ფარგლებში, თბილისში ჩამოვიყვანეთ 143 ერთეული 12 მეტრის სიგრძის MAN-ის მარკის ბოლო მოდელის ავტობუსი, ეს ავტობუსები არის ძალიან კომფორტული, გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოიხმარს გაზს და არა ტრადიციულ საწვავს. შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედება ძალიან მინიმალურია. ამ ავტობუსებიდან 41 ერთეულამდე უკვე სხვადასხვა მარშრუტებზე მოძრაობს, ხოლო დანარჩენი ავტობუსები გაეშვება უახლოეს მომავალში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გადახდის სისტემების მონტაჟი. 2 კვირაში, დასრულდება ახალი ავტობუსების ბაზის მშენებლობა, რომელიც დიდი დიღმის ტერიტორიაზე განთავსდება. როგორც ვთქვი, 41 ავტობუსი უკვე ემსახურება ქალაქს და დანარჩენი ავტობუსები 2-3 კვირაში გავლენ შესაბამის ხაზებზე. ამით დასრულდება თბილისის ავტობუსების პროექტის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს 12-მეტრიანი, შორ დისტანციაზე მავალი გრძელი ავტობუსებით მომსახურებას, თუმცა ამით ჩვენ სამუშაოები არ უნდა დავამთავროთ, ვინაიდან არსებობს მოთხოვნა შედარებით მცირეგაბარიტიანი ავტობუსების ჩანაცვლებაზეც, შემდეგ უკვე დაიწყება მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, უნდა ვიმუშაოთ მცირეგაბარიტიანი ავტობუსების ჩამოყვანაზე, რომლებიც იმოძრავებენ ქალაქის ვიწრო ქუჩებში, სადაც დიდ ავტობუსებს არ შეუძლიათ შესვლა“, -განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები