გიორგი მღებრიშვილი: პოლიციის რიგებში მრავლად არიან „უსახელო გმირები“, ერთ-ერთი იყო ზურაბ მუზაშვილი
შს მინისტრი 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპულ მაშველს, ზურაბ მუზაშვილს იხსენებს. როგორც გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, პოლიციის რიგებში მრავლად არიან „უსახელო გმირები“, ერთ-ერთი იყო ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც ტრაგედიის ღამეს 8 ადამიანი გადაარჩინა და თავად დაიღუპა.
“13 ივნისის ტრაგედიას და მასთან, თანამედროვე საქართველოს, ჰყავს თავისი გმირები. მათ შორისაა შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 8 ადამიანი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა…
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბევრი ასეთი უსახელო გმირია, რომლებიც 24 საათის მანძილზე, თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავენ და ამას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ.
ეს ის პროფესიაა, რომელსაც გასამრჯელოს გამო არ ირჩევენ. დაეხმარო და დაიცვა ადამიანები, ესაა უფრო მოწოდება და შინაგანი მრწამსი… და ვისურვებდი, რომ ეს ადამიანები სიცოცხლეშივე დავაფასოთ”, -აცხადებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი .
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში სტიქიის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დღემდე დაკარგულად ითვლება.