გიორგი მარგველაშვილი 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება:
“ორი წელი გავიდა დედაქალაქის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დღის შემდეგ. 13 ივნისი მუდამ გაგვახსენებს აუნაზღაურებელ ადამიანურ დანაკლისს, განადგურებულ ქალაქის ცენტრს.
დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სტიქიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას.
ტრაგედიის მომდევნო დღეებმა საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წარმოუდგენლად მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი, კატასტროფული შედეგების აღმოსაფხვრელად თავდაუზოგავი შრომისთვის მზადყოფნა გვიჩვენა.
სამწუხაროდ, თანამოქალაქეთა დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვერაფრით შეამსუბუქებს, მაგრამ განსაცდელში ერთიანობის, ყოველგვარი აფიშირების გარეშე, ერთმანეთისა და ქვეყნისთვის გარჯის გმირული პრეცედენტები მომავლისადმი ოპტიმიზმს გვიძლიერებს.
ეს მომავალი კი უკეთესი იქნება მაშინ, თუკი ამ ტრაგედიიდან საჭირო გამოცდილებას გამოვიტანთ და ხელისუფლებისა თუ საზოგადოების ნებისმიერ ნაბიჯს, ნებისმიერ პროექტსა თუ წამოწყებას ადამიანთა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის უზენაესობაზე დავაფუძნებთ”, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები