თეა წულუკიანი რეპერების საქმეზე: უნდა ვიმუშაოთ, რომ ახალგაზრდა თაობას არ გაუჩნდეს სურვილი, გაგვაშარჟოს

როგორც რიგითი მოქალაქე მიხარია, რომ მოსამართლის და პროკურატურის აზრები ერთმანეთს დაემთხვა, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ბირჟა მაფიას” წევრების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ ვიდეორგოლში განსაკუთრებული ვერაფერი ნახა. მინისტრის აზრით, გამოხატვის თავისუფლება, მითუმეტეს როცა საუბარი რეპს ეხება, გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტის გაშარჟებასაც.
“მე რაც მოვისმინე და ვნახე, ძალიან არ მომეწონა, ამას ვამბობ ღიად. ორი რამ უნდა გაიმიჯნოს – ერთი სისხლის სამართლის საქმე, მეორე თვითონ ვიდეორგოლი.
რაც ეხება სისხლის სამართლის საქმეს, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ მოსამართლესაც და პროკურორსაც ჰქონდათ და აქვთ,  ჩემი გადასახედიდან, რომელიც შეიძლება სუბიექტური იყოს,  სწორი პოზიცია.
რაც  შეეხება თვითონ რგოლს, ამ რგოლში, რომლის სქრინშოთებიც ვნახე დაბლარვამდე, ვერაფერი განსაკუთრებულად საგანგაშო ვერ დავინახე მე პირადად. გამოხატვის თავისუფლება, მით უმეტეს,  როდესაც საქმე რეპთან გვაქვს, გულისხმობს იმასაც, რომ გაშარჟებული იქნეს ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი”, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ პოლიცია და ჯარი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშანია და ამიტომ აღნიშნულ საკითხს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ყველა.
“მეორე თემაა, თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მე, ჩემნაირმა სხვა წარმომადგენლებმა, პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა, აღმასრულებლებმა –  რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობას არ გაუჩნდეს სურვილი, გაგვაშარჟოს, ჩემთვის ეს არის მთავარი თემა, რაზედაც  ყველამ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ახალგაზრდა თაობას, ვინც  რეპს მისდევს, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ყოველთვის არ ვიყავით დამოუკიდებელი ქვეყანა და პოლიცია, ჯარი არის ის ინსტიტუტები, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშანია. ამიტომ თუ მომავალში, ცოტა უფრო მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით ამ საკითხს, კარგი იქნება, თუ ვერ მოვეკიდებით, არც ეს არის პრობლემა – იმიტომ რომ ყველას გვაქვს გამოხატვის თავისუფლება”, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან თეა წულუკიანი გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრემიერმა გააკეთა კარგი მოწოდება და მას ეს პოზიცია მთავრობის იმ სხდომაზეც ჰქონდა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ მისივე დავალებით წარადგინა მარიხუანას ნაწილში ლიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. თეა წულუკიანის განცხადებით,ეს პაკეტი დღეს პარლამენტშია.
“ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით თქვენ ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა კარგი მოწოდება. მას ეს პოზიცია მთავრობის იმ სხდომაზეც ჰქონდა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ, მისივე დავალებით, წარადგინა მარიხუანას ნაწილში ლიბერალიზაციის შესახებ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ახლა პარლამენტშია. დროა, რომ ჩვენ ყველამ ერთად – აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებებმა, დავაჩქაროთ ამ პაკეტის მიღება, ვნახოთ ამ რეფორმის შედეგები პრაქტიკაში მანამ, სანამ ვიფიქრებთ სხვა ნივთიერებების კუთხით ლიბერალიზაციის რეფორმაზე, მაგრამ ეს რეფორმა,  რა თქმა უნდა, უნდა დაჩქარდეს”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები