„ბირჟა მაფიას“ წევრი: კლიპში კადრების დაფარვის გადაწყვეტილება მგალობლიშვილმა და მე ერთობლივად მივიღეთ
“მუსიკალურ კლიპში კადრების დაფარვის გადაწყვეტილება მგალობლიშვილმა და მე ერთობლივად მივიღეთ”, – ამის შესახებ „ბირჟა მაფიას“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ქებურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კლიპში კადრების დაფარვა „აჭარანეტის“ მიერ მოხდა.
“ვიდეოს დაფარვა კომპანია „აჭარანეტის“ მიერ მოხდა. კომპანიაში პოლიციის მიერ განხორციელდა ზარი. ეს მე მგალობლიშვილმა მითხრა. ამის შემდეგ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კადრები დაგვეფარა,” – განაცხადა ქებურიამ.
ასევე, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იცნობდა თუ არა ქებურია ბერა ივანიშვილს. „ბირჟა მაფიას“ წევრმა აღნიშნა, რომ ბერა ივანიშვილს ერთხელ შეხვდა. ამასთან, ქებურიამ საზოგადოებას და განსაკუთრებით ბერა ივანიშვილს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.