“ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად შესაცვლელია” – კახა კალაძე „ბირჟა მაფიას“ მხარდამჭერთა აქციის შესახებ (ვიდეო)

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე რეპერების ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით, მათი მხარდამჭერების მიერ გამართული აქციის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
კალაძე ამბობს, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა რადიკალურადაა შესაცვლელი.
მისვე განცხადებით, რეპერების დაკავებაზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს.
„მინდა, გამოვეხმაურო თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას – პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა ამ რეფორმის დაჩქარება სთხოვა პარლამენტს. რაც შეეხება, თვითონ კონკრეტულად მომხდარ ფაქტს, თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მთავრობის წევრი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე უშვებ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, რომ წარსულშიც დარჩება, როდესაც მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც უკვე დაწყებულია.
ჩვენ, საზოგადოება სამართალდამცველებისგან პირველ რიგში ველით დახმარებას და სიმართლის დაცვას. ჩვენ ვენდობით მათ, ამიტომ არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ რჩება ჩვენი ხელისუფლების, უწყების ხელმძღვანელობის ყურადღების მიღმა.
სრულიად დაუშვებელია, რომ რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს ჩვენს პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე.
ამ ეტაპზე, მინდა გითხრათ, რომ მიდის შიდა მოკვლევა. სტრუქტურის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ თუკი ვინმე არის დამნაშავე, ან ვინმეს აქვს გადაცდომა ჩადენილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში ყველა ადეკვატურად დაისაჯოს“, – აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები