ქვეყნის მასშტაბით მოსული უხვი ნალექის გამო გუშინ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 400-მდე შეტყობინება შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 400-მდე შეტყობინება შევიდა. აქედან, 100-მდე შეტყობინება დაფიქსირდა თბილისში. უხვი ნალექი აღინიშნა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშიც – ხაშურში, სურამში, ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალციხესა და ადიგენში. დაიტბორა სარდაფები, საცხოვრებელი სახლების ეზოები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაბა სურამში ადიდდა მდინარე სურამულა.
„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ყველა გამოძახებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს, განახორციელეს სამაშველო სამუშაოები, მოახდინეს წყლის ამოტუმბვა და მონაწილეობა მიიღეს ნაშალი მიწისგან გზების გაწმენდაში.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, ავტომანქანების მოძრაობა შეაჩერეს. ავტომანქანებით გადაადგილება ასევე შეიზღუდა სულხან ცინცაძის ქუჩიდან ვერეს ხეობაში მდებარე გვირაბის გავლით, ნინო რამიშვილის ქუჩის მიმართულებით. ამჟამად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები“, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები