ალექსანდრე ჯეჯელავა: ამერიკაში ხელის ჩამორთმევის გამო, არავის დააკავებდნენ და თუ გაუგებრობაა, გაირკვევა

“ვფიქრობ, ამერიკაში ხელის ჩამორთმევის გამო, არავის დააკავებდნენ და თუ გაუგებრობაა მომხდარი, აუცილებლად გაირკვევა უახლოეს მომავალში“, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო უწყებები აქტიურად არიან ჩართული ნიუ-იორკში დაპატიმრებული ქართველების საქმეში.
„ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს მოქალაქეებს, ყველა შემთხვევაში და ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ესენი არიან ძალიან კარგი სპორტსმენები, მათ უნდა ჰყავდეთ ადვოკატი და მათი მხარდაჭერა და ხელშეწყობა უნდა იყოს მაქსიმალური. მეორე მხრივ, ამერიკულ მართლმსაჯულებაში ეჭვს ნუ შევიტანთ, ამის საფუძველი არ გვაქვს და მთავარია, რომ ეს სიტუაცია გაირკვეს. ვფიქრობ, ამერიკაში ხელის ჩამორთმევის გამო, როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, არავის დააკავებდნენ და თუ გაუგებრობაა მომხდარი, აუცილებლად გაირკვევა უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ორი ქართველი სპორტსმენი – ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე სხვა ქართველებთან ერთად დააკავეს. ხურციძეს ფედერალურმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ რეკეტი, თაღლითობა და რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები