ვიცე-პრემიერი აზრბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებაზე: ჩვენ უარვყოფთ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის მონაწილეობას

„აფგან მუხთარლის საქმეში რაიმე ფორმით საქართველოს ოფიციალური უწყებების მონაწილეობას აბსოლუტურად გამოვრიცხავ“, – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
​მისი თქმით, უკვე ცნობილია, რომ აზერბაიჯანელმა დეპუტატმა თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მუხთარლის დაკავება ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგია, მოგვიანებით, თავადავე უარყო.
„მუხთარლის საქმეში რაიმე ფორმით საქართველოს ოფიციალური უწყებების მონაწილეობას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. დეპუტატმა, რომელზე დაყრდნობითაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, უარყო და თქვა, რომ ეს მას არ ეკუთვნის და ჩვეულებრივ გაყალბებასთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ, მანამდეც და ამის შემდეგაც, ჩვენ უარვყოფთ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის ყოველგვარ მონაწილეობას და ყველას მოვუწოდებთ, რომ ცოტა უფრო მეტი პატივისცემა გამოიჩინონ იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას სახელმწიფო და შიდა დონეზე იცავს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
​შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატმა, ელმან ნასიროვმა რადიო “თავისუფლებასთან”
ინტერვიუში განაცხადა, რომ აფგან მუხტარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების თანამშრომლობის შედეგად დააკავეს. მოგვიანებით კი, აღნიშნა, რომ მუხთარლის საქმეზე ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავების თანამშრომლობის შესახებ პრესიდან შეიტყო და ამ საქმეზე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.
​აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ოჯახმა 29 მაისს განაცხადა, რომ მუხთარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.
ცნობისათვის, აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, აფგან მუხთარლიმ საზღვარი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე გადაკვეთა. ადვოკატის ინფორმაციით, მუხთარლის ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა (სისხლის სამართლის კოდექსის 318.1, 206.1 და 315.2 მუხლები). მას სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები