ავთანდილ ხურციძის დედა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მაყვალა ხურციძე აცხადებს, რომ დაკავებულის ოჯახს ფედერაციიდან და შეერთებული შტატებიდან ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვს და მათ არავინ დაჰკავშირებია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც სპორტსმენის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე რამდენიმე კვირაში გადაიხედება.
ავთანდილ ხურციძე და კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი – ლევან მაყაშვილი საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.
დაკავებულები არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.
მათ ტვირთების გატაცება, სათამაშო აპარატების ძარცვა, ასევე, დაკვეთილი მკვლელობები ბრალდებათ. დაჯგუფების წევრებს, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ გამოძალვასთან, თაღლითობასთან, ნარკობიზნესთან და იარაღის უკანონო ტარებასთან. დანაშაულებრივი გზით მიღებულ თანხებს ეს პირები რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ. ასევე, კავშირში იყვნენ ამ ქვეყნებში არსებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან. აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის გარდა, „რუსული დანაშაულებრივი სინდიკატი“ ნიუ-ჯერსის, ფლორიდის, ნევადის და პენსილვანიის ტერიტორიაზე მოქმედებდა. დაჯგუფებას „კანონიერი ქურდები“ – რაჟდენ შულაია და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ოპერაციაში ნიუ-იორკის შტატის პოლიცია, FBI და საიმიგრაციო კონტროლის სამსახური მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები