აშშ-ში საქართველოს კონსული: ქართველ სპორტსმენებს ბრალად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა ედებათ

ქართველ სპორტსმენებს ავთანდილ ხურციძესა და ლევან მაყაშვილს ბრალად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა ედებათ, – ამის შესახებ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა განაცხადა.
ჯღენტის ინფორმაციით, საკონსულო აქტიურ კონტაქტშია ამერიკელ სამართალდამცველებთან და ელოდებიან გამოძიების მიმდინარეობის დასრულებას.
“სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე არც ერთი პირი დამნაშავედ არ ითვლება. დამატებით კომენტარს კი საკონსულო გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად გაავრცელებს”, – აღნიშნა დიანა ჟღენტმა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის, სავარაუდოდ, სპორტსმენები – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების – UFC-ს მებრძოლი.
ამერიკის პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ. აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის 33 წევრი დააკავა, რომელთა შორის 15 ქართველია. სინდიკატის წევრები წარმოშობით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან არიან.
დაკავებულებს ტვირთების გატაცება, სათამაშო აპარატების ძარცვა, ასევე, დაკვეთილი მკვლელობები ბრალდებათ. დაჯგუფების წევრებს, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ გამოძალვასთან, თაღლითობასთან, ნარკობიზნესთან და იარაღის უკანონო ტარებასთან. დანაშაულებრივი გზით მიღებულ თანხებს ეს პირები რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ. ასევე, კავშირში იყვნენ ამ ქვეყნებში არსებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან. აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის გარდა, „რუსული დანაშაულებრივი სინდიკატი“ ნიუ-ჯერსის, ფლორიდის, ნევადის და პენსილვანიის ტერიტორიაზე მოქმედებდა. დაჯგუფებას „კანონიერი ქურდები“ – რაჟდენ შულაია და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ოპერაციაში ნიუ-იორკის შტატის პოლიცია, FBI და საიმიგრაციო კონტროლის სამსახური მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები