ლევან გამყრელიძე: მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალმა უფროსმა, ლევან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამ სამსახურის ხელმძღვანელობა საპასუხისმგებლოა, თუმცა ეს სფერო მისთვის მშობლიურია. მან ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
”საგამოძიებო სამსახური ჩემთვის ნაცნობი და მშობლიურია, რადგან იქ გატარებული მაქვს 11 წელი. კარგად ვიცი, რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას მისი განვითარებისთვის, მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლა და როგორ უნდა გახდეს უფრო ეფექტური უწყების საქმიანობა”, – განაცხადა ლევან გამყრელიძემ. ​
​ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამინისტროს საგამოძიებო უწყება გამოირჩევა როგორც წამყვანი უწყება ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლასთან მიმართულებით, შესაბამისად, სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გამოცდილი კადრის დანიშვნა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ბადაშვილის გადაწყვეტილებას, ქუმსიშვილის თქმით, ბადაშვილმა აღნიშნული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. მინისტრის თქმით, ბადაშვილმა უწყებაში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა ჩაატარა.
​ცნობისთვის, ლევან გამყრელიძე ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. როგორც ცნობილია, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ის გუშინ მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები