ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე: ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა სერიოზული გაუგებრობა

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სპორტსმენი წერს, ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე, გაუგებრობა მოხდა. იგი იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში, ყველაფერი გაირკვევა.
”მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე, მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს, უახლოეს საათებში, ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება, განვაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის. მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას”, – აცხადებს ხურციძე.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის, სავარაუდოდ, სპორტსმენები – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების – UFC-ს მებრძოლი.
ამერიკის პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ.
აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის 33 წევრი დააკავა, რომელთა შორის 15 ქართველია. სინდიკატის წევრები წარმოშობით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან არიან.
დაკავებულებს ტვირთების გატაცება, სათამაშო აპარატების ძარცვა, ასევე, დაკვეთილი მკვლელობები ბრალდებათ. დაჯგუფების წევრებს, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ გამოძალვასთან, თაღლითობასთან, ნარკობიზნესთან და იარაღის უკანონო ტარებასთან.
დანაშაულებრივი გზით მიღებულ თანხებს ეს პირები რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ. ასევე, კავშირში იყვნენ ამ ქვეყნებში არსებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან.
აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის გარდა, „რუსული დანაშაულებრივი სინდიკატი“ ნიუ-ჯერსის, ფლორიდის, ნევადის და პენსილვანიის ტერიტორიაზე მოქმედებდა.​
დაჯგუფებას „კანონიერი ქურდები“ – რაჟდენ შულაია და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ოპერაციაში ნიუ-იორკის შტატის პოლიცია, FBI და საიმიგრაციო კონტროლის სამსახური მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები