მთავარ პროკურატურაში ევროკავშირის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის – „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა, ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში გამოძიებაზე, სისხლისსამართლებრივ დევნაზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი გაბიტაშვილმა ევროკავშირის ექსპერტებს მიაწოდა ინფორმაცია ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ, ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მხარეს მისი იმპლემენტაციის დაწყებისთვის. შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ევროკავშირის ექსპერტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ და ამ სფეროში არსებული საჭიროებების თაობაზე მოსაზრებები გაუზიარეს.
ევროკავშირის მხარე დაჰპირდა ქართულ მხარეს, რომ განიხილავს თითოეულ იდენტიფიცირებულ საჭიროებას და პროექტის შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარებას გაუწევს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს.
ევროკავშირის პროექტი „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ მიზნად ისახავს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობისა და პრაქტიკის შესწავლას, შესაძლო ხარვეზების იდენტიფიცირებას და დახმარების აღმოჩენას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები