როლანდ ბლადაძის ადვოკატი მოსამართლეების – ვაჩაძისა და სხირტლაძის საქმიდან აცილებას ითხოვს

2017 წლის 1 ივნისს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და 2007-2016 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, თუმცა ბლადაძის წერილობითი შუამდგომლობა საქმიდან უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის: მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის საქმიდან აცილების თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ცნობილი გახდა, რომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განმხილველი პალატის შემადგენლობაში მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე და პაატა სილაგაძე არიან. ბლადაძის ადვოკატის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ მაია ვაჩაძესა და ნუგზარ სხირტლაძეს უკვე არაერთგზის აქვთ მონაწილეობა მიღებული როლანდ ბლადაძის ქონებრივი უფლებების აღდგენის საქმეებში, მხარე დაუშვებლად მიიჩნევდა და მიიჩნევს აღნიშნული მოსამართლეების როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განხილვაში ხელმეორედ დაშვებას და მონაწილეობას. კაიკაციშვილის განცხადებით, მოსამართლეები ადასტურებენ როლანდ ბლადაძის საქმის განხილვებში მრავალგზის მონაწილეობას, თუმცა აცილების საკითხი არ კმაყოფილდება იმის გამო, რომ თითქოს მხარე ვერ უთითებს „ისეთ კონკრეტულ გარემოებას, რომელიც დაადასტურებდა მოსამართლის მიკერძოებას“.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით და ბლადაძის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შემდეგ, სასამართლოსა და მოსამართლე მაია ვაჩაძის მსჯელობა და დასკვნები, ელემენტარულ კრიტიკასაც ვეღარ უძლებს:

„ 1. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 9 სექტემბერს ლევან მურუსიძის (თავმჯდომარე) მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის მონაწილეობით, განიხილა როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები, სასამართლოს შორის განსჯადობის საკითხის დადგენის მიზნით. დავის საგანს წარმოადგენდა პრეზიდენტისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც ჩამორთმეული ქონება გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნაცვლად, განსჯადობით, გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს. 2. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2014 წლის 25 ოქტომბერს, მაია ვაჩაძის (თავმჯდომარე), ლევან მურუსიძისა და ნუგზარ სხირტლაძის შემადგენლობით, მიიღო გადაწყვეტილება და როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. დავის საგანს წარმოადგენდა პრეზიდენტისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც ჩამორთმეული ქონება გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებები გამოიყენეს თბილისის საქალაქო სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს სახელმწიფოსთან და გიორგი პაპუაშვილთან მიმდინარე დავაში, რომელსაც ისევ მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე განიხილავენ. 3. ყველაზე საგანგაშო – 2005 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, მოსამართლე მაია ვაჩაძის თავმჯდომარეობით, განიხილა როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევის შესახებ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსამართლე მაია ვაჩაძემ მიხეილ სააკაშვილის პროკურატურის მხრიდან როლანდ ბლადაძისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტი კანონიერად მიიჩნია, როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, ხოლო როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, 2014 წლის 25 მარტს, მაია ვაჩაძემ, მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების გიორგი პაპუაშვილისთვის გადაცემა – როდესაც საქმეში არსებობდა უკვე როლანდ ბლადაძის უდანაშაულობის თაობაზე პროკურატურის ახალი დადგენილება – მაინც კანონიერად მიიჩნია და ქონების კანონიერ მესაკუთრედ გიორგი პაპუაშვილის ცნო“,- განაცხადა კაიკაციშვილმა.კაიკაციშვილის განცხადებით, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და უშუალო მტკიცებულებების მიხედვით, როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ არ უნდა განიხილონ.
„ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც მიუკერძოებლობის, მაღალი რეპუტაციისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვის შესახებ მაგალითს უნდა აძლევდნენ საზოგადოებას და სასამართლო სისტემას, დღეს არღვევენ სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების, ეროვნულ კანონმდებლობას – „მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში“. შესაბამისად, მხარე სრულ უნდობლობას უცხადებს საქმის განმხილველი პალატის უმრავლესობას და კიდევ ერთხელ მიმართავს მაია ვაჩაძეს და ნუგზარ სხირტლაძეს, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გამო, როლანდ ბლადაძეს მიეცეს სამართლიანი სასამართლოს შანსი – მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საქმიდან თვითაცილების თაობაზე, საქმე გადაეცეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და საქმეზე დაინიშნოს ის შემადგენლობა, რომლებსაც შემხებლობა არ ჰქონიათ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნების განხილვასთან, დროის არც ერთ ეტაპზე. სხვა მხრივ, საქმე განწირულია. ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღებთ სასამართლო სისტემას უდანაშაულო მოქალაქის წინააღმდეგ. სწორედ ასეთმა საქმეებმა უნდა შეძლოს სასამართლო რეფორმის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება. არ შეიძლება მოსამართლის მანტიის ძალაუფლება გამოიყენო უბრალო, დაჩაგრული და მართალი ადამიანების წინააღმდეგ“, – აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთათვის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის გაგზავნის ფაქტი უკვე დაადასტურა.
​შეგახსენებთ, რომ მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა, ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდეს როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობაზე და არსებითი განხილვის დაწყებაზე გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 3 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები