კახა კალაძე: გამორიცხულია, ქართული სპეცსამსახურების ჩართულობა აფგან მუხთარლის საქმეში

“გამორიცხულია, ქართული სპეცსამსახურების ჩართულობა აფგან მუხთარლის საქმეში”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა.
კალაძის თქმით,  ქართველი ძალოვნების ამ საქმეში ჩართულობაზე გარკვეული ძალები მიზანმიმართულად საუბრობდნენ.
„გარკვეული ძალები მიზანმიმართულად საუბრობდნენ, თითქოს ქართული ძალოვნები ჩართული იყვნენ ამ კონკრეტულ ფაქტში. ფაქტი, რომელიც მოხდა, არის ძალიან მძიმე. გამოძიება დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა“,- აღნიშნა კახა კალაძე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ოჯახმა 29 მაისს განაცხადა, რომ მუხთარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, აფგან მუხთარლიმ საზღვარი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე გადაკვეთა. მუხთარლის ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა (სისხლის სამართლის კოდექსის 318.1, 206.1 და 315.2 მუხლები). მას სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მუხთარლის საქმეზე გამოძიებას საქართველოს შსს-ც აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები