ეკა მიშველაძე: პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა
„ამ სამწუხარო ფაქტმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელვნად დააზიანა“, – ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე, რომელიც დღეს მედიის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ გააცნო. როგორც ეკა მიშველაძემ აღნიშნა, ამ ფაქტის გამო, დღეს ხელისუფლება და საზოგადოება შელახული იმიჯის დაძლევის კრიზისულ ეტაპზე იმყოფებიან. „ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს დევნიან, ადამიანებს იტაცებენ და ადამიანის უფლებები დაუცველია. ამასთანავე, ეს არის ის მაღალი სტანდარტი, რომლითაც სახელმწიფომ უნდა იფუნქციონიროს. დღეს ჩვენ ყველანი – ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, ვიმყოფებით ამ შელახული იმიჯის დაძლევის კრიზისულ ეტაპზე და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პროცესი, რაც უფრო ხშირად მოისმენს საზოგადოება არაადეკვატურ კომენტარებს, მით უფრო საზიანოა ეს ქვეყნისთვის. ყოველი დღე, რომელიც პასუხს არ სცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.