ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა

კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა საკომიტეტო მოსმენების ფორმატში დაიწყო. დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი” წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მიერ ოთხთვიანი მუშაობის შედეგად მომზადდა თვისობრივად ახალი დოკუმენტი, სადაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია მთლიანად გადამუშავებული სახით არის წარმოდგენილი. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ტერიტორიული მოწყობის და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კანონის პროექტში ასახულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე გაამახვილა. „ცვლილებები ამ კუთხით, ძირითადად არის ასახული კონსტიტუციის პირველ და მეცხრე თავებში. ჩვენ ასევე გვაქვს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ”, რომელიც ახალი რედაქციით არის ჩამოყალიბებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონის პროექტი თავების მიხედვით მიმოიხილა და იმ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში ტერიტორიული მოწყობის და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით განხორციელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით, პროექტში ამ მიმართულებით თვისობრივი, ძირეული ცვლილება არ შესულიყო. მისი განმარტებით, 1995 წლიდან კონსტიტუციაში არის ჩადებული ზოგადი გზავნილი, რომლის თანახმადაც ტერიტორიული-სახელმწიფოებრივი მოწყობა მხოლოდ მას შემდეგ გადაისინჯება, რაც ჩვენი ქვეყნის იურისდიქცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღდგება. ირაკლი კობახიძემ იმ დაზუსტებებზე ისაუბრა, რომელიც შესულია მე-7 მუხლში. მათ შორის სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხებთან და იმ კომპეტენციებთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს მინიჭებული. მომხსენებლის განმარტებით, ამ მიმართულებით, ძირითადად საუბარია ტექნიკურ დაზუსტებებზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროექტში გაჩნდა ჩანაწერი მართლმსაჯულების სისტემის შესახებ, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მისი თქმით, მართლმსაჯულების ფუნქციაც ცენტრალური ხელისუფლების ექსკლუზიური კომპეტენცია იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით პროექტში შევიდა ორი მნიშვნელოვანი დამატება. განისაზღვრა სუბსიდიარობის პრინციპი და დადგინდა თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციების და მისი ფინანსური სახსრების შესაბამისობის პრინციპი. ადგილობრივი თვითმმართველობის მომწესრიგებელ თავში სამი მუხლია წარმოდგენილი, რომელიც თვითმმართველობის ორგანოებს, საზღვრებს და სამართლებრივ პრინციპებს ეხება. „აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულების ფუნდამენტური პრინციპი შესაბამისი ჩანაწერით არის გარანტირებული”, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ. მომხსენებლის განმარტებით, პროექტით თვითმმართველი ერთეულის კორპორაციული სტატუსი განისაზღვრა, რაც აქამდე არ იყო დადგენილი. „რაც შეეხება კომპეტენციებს, აქ არის გარკვეული ტექნიკური დაზუსტებები მოცემული. არის ქარტიის პრინციპების შესაბამისად მოწესრიგებული. გვაქვს ორი ძირითადი სახე. ეს არის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების განსაზღვრის პრინციპები თვითმმართველობის ქარტიის შესაბამისად ჩამოყალიბდა,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ასევე ჩადებულია თვითმმართველობებისთვის ორგანიზაციული დამოუკიდებლობის, საკადრო ავტონომიის და კონსულტაციის პრინციპები. პროექტი ასევე ადგენს იურისდიქციული ავტონომიის პრინციპს, რომლის თანახმადაც, თვითმმართველობის ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შესასრულებლად შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სავალდებულოა. „ჩვენ გვქონდა სრული კონსენსუსი ამ ნაწილთან დაკავშირებით, როგორც სამუშაო ჯგუფში, ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. არც ერთი ხმა ამ დოკუმენტის წინააღმდეგ არ ყოფილა მიცემული. ამის მთავარი საფუძველი არის ის, რომ მაქსიმალურად არის ასახული ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ის გარანტია, რომელიც ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიიდან ვიცით. ეს ჩანაწერები უზრუნველყოფს გამართული თვითმმართველობის სისტემის ფუნქციონირებას კონსტიტუციის დონეზე,”-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მან „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებულ დაზუსტებებსა და ცვლილებებზე დეტალური განმარტებები გააკეთა. „ჩვენ გვაქვს ფუნდამენტურად გადამუშავებული რედაქცია. რა თქმა უნდა, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების ფუნქციონირების პრინციპები რჩება მთლიანობაში იგივე, თუმცა, ამ საერთო პრინციპების ფარგლებში არის დახვეწილი კონსტიტუციური კანონი. გამარტივებულია მისი სტრუქტურა,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი განცხადებით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” კონსტიტუციური კანონის პროექტი არის მოწესრიგებული, გამართული იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით და მასში აღმოფხვრილია მთელი რიგი წინააღმდეგობები, რომელსაც ეს კანონი შეიცავდა. „მე კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა კომისიის ყველა წევრს, ყველა სუბიექტს მათი აქტიური მონაწილეობისთვის და ამ დოკუმენტის შემუშავებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. „მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის თითოეულ წევრს იმისათვის, რომ ტერიტორიული მოწყობისა და თვითმმართველობის საკითხებში პოზიციის და ოპოზიციის აზრი ერთმანეთს ემთხვევა და ასეთი ერთსულოვნებაა,”-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” პროექტს მხარი დაუჭირა. კონსტიტუციური კანონის პროექტის საკომიტეტო მოსმენები მიმდინარე კვირის განმავლობაში ხუთ კომიტეტში ჩატარდება, რის შემდეგაც კონსტიტუციურ კანონის პროექტს კანონმდებლები პირველი მოსმენით, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები