კახა კახიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკენზი-სმიტს უმასპინძლა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მინისტრმა ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, „არაღიარების პოლიტიკის“, ასევე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ჯასტინ მაკენზი-სმიტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მინისტრის თქმით, 2012 წლის შემდეგ, სისტემაში გატარდა ძირეული რეფორმები მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და პენიტენციური დაწესებულებების სარეჟიმო პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, 40-მდე კანონში ცვლილებები შევიდა და მინისტრის 350-ზე მეტი ბრძანება გამოიცა.
მინისტრმა ისაუბრა „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში შეტანილ ცვლილებებზეც. კახა კახიშვილის განცხადებით, იქმნება ახალი ტიპის – გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც პატიმრებს კონკრეტული პროფესიის დაუფლების, ასევე, დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობა ექნებათ. მნიშვნელოვანია სიახლეა მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭება და შინაპატიმრობის, როგორც სასჯელის ალტერნატიული სახის დანერგვა, ახლა უკვე, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც.
„სამინისტრო განაგრძობს ინოვაციური პროექტების განხორციელებას, თანამედროვე, მოქნილი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის მშენებლობის მიზნით. სამინისტროს ინიციატივაა 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულ/ბრალდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენება, სადაც ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ასაკისათვის შესაბამისი პროგრამებით, რომლებიც საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრირებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის, ჯასტინ მაკენზი-სმიტის განცხადებით, სამომავლოდ, გამოცდილებათა გაზიარების უზრუნველსაყოფად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„დიდი პატივი იყო მინისტრთან შეხვედრა და განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაციის მიღება. როგორც შეხვედრაზე აღვნიშნე, მჯერა, რომ საზოგადოებაზე, მის ღირებულებებზე მეტყველებს, ის, თუ როგორ ექცევა ქვეყანა მსჯავრდებულებს. გილოცავთ საჭირო რეფორმების გატარებას, რომელთაც პოზიტიური გავლენა ჰქონდა პენიტენციურ სისტემაზე”, – აღნიშნა ჯასტინ მაკენზი-სმიტმა.
მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის განვითარება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერების საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები