გიორგი მარგველაშვილი: ეკოლოგია საზღვრებს არ ცნობს

„გლობალიზაციის პროცესებმა მსოფლიო ქვეყნები და ადამიანები ერთმანეთს დაგვაახლოვა“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც ადმინისტრაციამ გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.
„კვირა“ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„გლობალიზაციის პროცესებმა მსოფლიო ქვეყნები და ადამიანები ერთმანეთს დაგვაახლოვა. მან ასევე გვაჩვენა, რომ პლანეტაზე – ჩვენ საერთო სახლში, არა მხოლოდ უკეთესი მომავლის პროექტები, არამედ – საფრთხეები და გამოწვევებიც გვაერთიანებს. მსოფლიო ქვეყნებს ერთმანეთისაგან საზღვრები ყოფს. მაგრამ ეკოლოგია საზღვრებს არ ცნობს. გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის დარღვევა, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების გაღარიბება, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების სწრაფი ხარჯვა და მრავალი სხვა პრობლემა მოქმედებს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ვითარების შესაცვლელად საჭიროა ყველა ქვეყნის, თითოეული მოქალაქის გაერთიანებული ძალისხმევა. ბუნების მიმართ ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ემსახურება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1972 წელს დაარსებული გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც დღეს აღნიშნავს მთელი მსოფლიო. ახალი ეკოლოგიური აზროვნების საფუძველზე გლობალური გაერთიანების საუკეთესო მაგალითია 2015 წლის პარიზის შეთანხმება კლიმატური ცვლილებების შესახებ, რომელსაც მსოფლიოს ორასამდე ქვეყანასთან ერთად საქართველოც შეუერთდა. მჯერა, რომ მსგავსი ერთიანობით, გლობალური ძალისხმევით შევქმნით მსოფლიოს, რომელშიც ჩვენ და ჩვენი შვილები უსაფრთხო გარემოში, ბუნებასთან ჰარმონიაში ვიცხოვრებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები