იან კელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე კომენტარს აკეთებს

ამერიკის ელჩი იან კელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას კვლავ გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ამერიკის საელჩოს აქვს მუდმივი და ახლო კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს ამ საკითხის სერიოზულობას. ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორი დღის წინ გავრცელებული განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩომ სამოქალაქო საზოგადოებისგან მიიღო მოთხოვნა, ამ საკითხზე შეხვედრასთან დაკავშირებით. „თქვენ ალბათ ყველამ იხილეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ამ საკითხზე, რომლის მიხედვითაც დეპარტამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანს ამ პიროვნების გათავისუფლებისკენ. გარდა ამისა, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ძალიან დეტალურად და სრულად გამოიძიოს ამ საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები. ხვალ, 11.00 საათზე ჩვენ შევხვდებით ჟურნალისტებს და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს ამ საკითხზე“, – აღნიშნა იან კელიმ. ​შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ოჯახმა 29 მაისს განაცხადა, რომ მუხთარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, ჟურნალისტმა საზღვარი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე გადაკვეთა. ადვოკატის ინფორმაციით, მუხთარლის ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა (სისხლის სამართლის კოდექსის 318.1, 206.1 და 315.2 მუხლები). მას სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები