ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს

“საპარლამენტო სისტემაში პრინციპულად არის მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტი არჩეული იყოს არაპირდაპირი წესით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ პირობებში საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს.

“პრეზიდენტის არჩევნების ვადასთან დაკავშირებით, გუშინ უმრავლესობაში დისკუსია გაიმართა. ის, რომ ჩვენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნებიდან არაპირდაპირი არჩევის წესზე უნდა გადავიდეთ, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმ სისტემაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული. საპარლამენტო სისტემაში პრინციპულად არის მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტი არჩეული იყოს არაპირდაპირი წესით. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით კითხვები აღარ ისმება, ეს აუცილებლად გაკეთდება. რაც შეეხება ვადებს, ამასთან დაკავშირებით, გუშინ სერიოზული მსჯელობა იყო. არის სერიოზული წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტით განისაზღვრება მომავალ წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვთქვით, რომ კომპრომისის საფუძველზე, შეგვეძლო დაგვეტოვებინა პირდაპირი წესი მომავალი წლისთვის, ასევე, პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს უკავშირდება. საუბარი იყო იმაზე, რომ არსებული მოვლენების გათვალისწინებით, კომპრომისმა აზრი დაკარგა. ასეთია კონკრეტული დეპუტატების პოზიცია. მსჯელობა გაგრძელდება. შეიძლება ვიფიქროთ ორ ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის შიგნით უნდა ჩამოყალიბდეს – საკომიტეტო განხილვებისა და პლენარული განხილვების შემდეგ. ჩვენ ვთქვით, რომ დესტრუქცია შედიოდა კონკრეტული სუბიექტების გეგმებში. გარკვეული დესტრუქციული გეგმები შედგა და დაიწყო მათი განხორციელება. დესტრუქციული ელემენტებით შედგა კამპანია საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. რეალურად, ეს დაიგეგმა და განხორციელდა, სამწუხაროდ, პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეების უშუალო ჩართულობით, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი, მით უფრო, იმ პირობებში, რომ პრეზიდენტს ამ სისტემაში აკისრია მნიშვნელოვანი ფუნქცია კონსტიტუციასთან მიმართებით. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ პირობებში საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს. ეს გეგმა შედგა, არა წარმატებულად, მაგრამ მაინც განხორციელდა. ამიტომ ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს აზრი კომპრომისს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის კომპეტენციები სრულიად თავსებადია საპარლამენტო მმართველობის სისტემასთან, რაც დღეს მოქმედი კონსტიტიუციით უზრუნველყოფილი არ არის.

“ამასთან დაკავშირებით, შენიშვნები ვერ ექნებათ ჩვენს პარტნიორებს – ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. აბსოლუტურად რაციონალურად არის განსაზღვრული პრეზიდენტის როგორც სტატუსი, ასევე, კომპეტენციები, სისტემის საერთო ლოგიკიდან გამომდინარე – საუბარია საპარლამენტო სისტემაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები