დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებისთვის ტექნოპარკში IT მიმართულებით ტრენინგები დაიწყო

​იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან” ერთად, პროექტს იწყებს – „IT მიმართულებით ტრენინგები“. პროექტში დანაშაულის პრევენციის ცენტრის 50 ბენეფიციარი ჩაერთო.

​სამინისტროს ინფორმაციით,პროექტის მიზანია ახალგაზრდების თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესება, ახალი შესაძლებლობების ჩვენება და ინიციატივების წახალისება. პროექტის დაწყებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო და ბენეფიციარებს წარმატებები უსურვა. პროგრამის მონაწილეებმა უკვე შეარჩიეს ინფორმაციული ტექნოლოგიების 9 სხვადასხვა მიმართულებიდან მათთვის სასურველი ტრენინგები და ჯგუფებიც უკვე დაკომპლექტებულია.

​პირველ ეტაპზე, სწავლა 3 მიმართულებით დაიწყება. ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია – ვებგვერდის შექმნა, ვებსერვერული აპლიკაციები, პროგრამირების საწყისები, პროექტების მართვა და სხვა. პროექტის მონაწილეებს კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება ევალებოდათ. მიღებულ ცოდნას 14-25 წლის ახალგაზრდები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე პრაქტიკაში გამოიყენებენ.

უწყების ცნობით, თითოეულ ჯგუფს ტრენინგებს ტექნოპარკის ბაზაზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გადამზადებული ტრენერები ჩაუტარებენ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ სამიზნე ჯგუფებს სხვადასხვა საგანმანათლებლო/შემეცნებით პროექტებს სისტემატურად სთავაზობს. პრევენციული პროექტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბენეფიციარებში ინიციატივების გამოვლენა და მათი განვითარების ხელშეწყობაა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან“. სააგენტოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკის შექმნაა. სააგენტოს ორგანიზებით, ხორციელდება სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება, მათ შორის, ტრენინგები IT მიმართულებით. ტექნოპარკში თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეების განვითარებისთვის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები