პრემიერმა მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს შეხვდა.
გიორგი კვირიკაშვილმა ბილ ბომონდს „მსოფლიო რაგბის” თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია რაგბის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიების – მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა, რომელშიც მსოფლიოს 12 საუკეთესო, მათ შორის საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ქართული მხარე ძალისხმევას არ დაიშურებს. მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო საქართველოში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს. პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მთავრობისა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობით, ქვეყანაში აშენდა და კეთილმოეწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არაერთი სარაგბო ბაზა, ასევე, რაგბის განვითარებისთვის მუშაობს სპეციალური სამთავრობო პროგრამა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რაგბი ქვეყანაში სპორტის ეროვნულ სახეობად იქცა და მისი მაქსიმალური ხელშეწყობა მთავრობისთვის პრიორიტეტულია.
მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ასევე, მსოფლიო რაგბის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, ძალიან ცნობილი რაგბის ქვეყანა გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები