ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს პროკურატურამ პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღე აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოს პროკურატურისთვის გასული წელი ერთ-ერთი დატვირთული და მნიშვნელოვანი წელი იყო.
ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს პროკურატურის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს და აღინიშნა, რომ უწყების მუდმივ პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის განხორციელება.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დააჯილდოვა. სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად, სანიმუშოდ და მაღალ პროფესიონალურად შესრულებისთვის, პროკურატურის ორგანოებში ერთგული და ხანგრძლივი საქმიანობისთვის ყველაზე მაღალი და საპატიო ჯილდო – საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება მიენიჭა და სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ვაჟა მაღრაძე.
საქართველოში პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები