ქეთევან ბოჭორიშვილი მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს უხელმძღვანელებს

ქეთევან ბოჭორიშვილი კომპანია „ანაკლია სითის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ის ანაკლიის მდგრადი განვითარების მასშტაბურ პროექტს გაუძღვება, რომელიც ითვალისწინებს ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარედ ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიკურად მიმზიდველი, წამყვანი ბიზნესინდუსტრიულ და საცხოვრებელი ქალაქის თანამედროვე ინფრასტრუქტურით განვითარებას. ,,ანაკლია სითის“ დამფუძნებლები „თი ბი სი ჰოლდინგი“ და ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფია“.
ქეთევან ბოჭორიშვილის კარიერა, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, 18-წლიან სამუშაო გამოცდილებას ითვლის. ბოკონის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მიღებისა და იტალიაში კერძო საკონსულტაციო პრაქტიკის შემდეგ, იგი საქართველოში 2008 წელს დაბრუნდა და თითქმის 10 წელი საჯარო სექტორში იმუშავა.
2010 წლიდან, იგი ეკონომიკის სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორად დაინიშნა და წარმატებული საინვესტიციო და ექსპორტის პროექტების განხორციელების ფონზე, დანარჩენი წლები, ორი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ოთხი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გაატარა.
ქეთევან ბოჭორიშვილის სახელს უკავშირდება კერძო სექტორის განვითარებისკენ მიმართული არაერთი რეფორმა, მილიონობით მოზიდული უცხოური ინვესტიცია, საქართველოს ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კამპანიები, ბიზნესის მხარდაჭერის ინოვაციური პროექტები, ექსპორტის ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარება და საქართველოში ჩატარებული არაერთი გლობალური მნიშვნელობის  ღონისძიება.
იგი უშუალოდ იყო ინიციატორი ისეთი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში, როგორიც არის: მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კონცეპტუალიზაცია და სისრულეში მოყვანა,  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა – „უმასპინძლე საქართველოში“ და კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის, „გადაიღე საქართველოში“  შემუშავება და დანერგვა. მის სახელს ასევე, უკავშირდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის კამპანია #ქართულიადაკარგია და ეკონომიკური ფორუმი „სილქროუდი“. 2014 წელს დაწყებული პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“  შედეგად, კერძო სექტორში უკვე მობილიზებულია ნახევარ მილიარდზე მეტი ლარის ინვესტიცია და შექმნილია 11,300 ახალი სამუშაო ადგილი.
უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური რეგიონული მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებშიც, უკვე შეიქმნა და გაფართოვდა 3000-ზე მეტი მცირე ბიზნესი საქართველოს რეგიონებში, მოდელირებულია ქეთევან ბოჭორიშვილის ინიციატივით – კომპანია “ბიპის” მიერ მილსადენის გასწვრივ სოფლებში განხორციელებული პროგრამის მაგალითზე. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორებს შორის ცოდნის გაზიარების მნიშვნელოვან წარმატებულ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით.
რამდენიმე წლის წინ, ქეთი ბოჭორიშვილის ინიციატივით დაწყებული მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობის და ქართული ღვინის აზიაში ექსპორტის წახალისების პროგრამები, წლების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს ცვლის. ჩინეთი დღეს ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ტოპ სამეულშია, ხოლო ქართული მოდის ინდუსტრიის შესახებ ინტენსიურად შუქდება ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცემებში, როგორიც არის “Vogue”, “ELLE”, “Forbes”, “Cosmopolitan”, “Harpers Bazaar” და სხვა. ამავე პერიოდში, წამოწყებული მოლაპარაკებები ტანსაცმლის მწარმოებელ ცნობილ ბრენდებთან უკვე მრავალმილიონიან ექსპორტში აისახება. ქართული საფეიქრო ფაბრიკები ასრულებენ ისეთი ცნობილი ბრენდების დაკვეთებს, როგორებიც არის “მონკლერი”, “ზარა”, “ნაიკი”, “პუმა, “მარქს&სპენსერ” და მრავალი სხვა.
საკმაოდ მასშტაბურია ტურიზმის სექტორში მომხდარი ცვლილებებიც. 2016 წლის აპრილიდან დღემდე, უკვე მიმდინარეობს 23 ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 60 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის ფონზე, რაც 600 ახალ ოთახს და 700 ახალ სამუშაო ადგილს შემატებს ქართული მასპინძლობის ინდუსტრიას.
კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის სპეციალური სქემის რეალიზება ქეთევან ბოჭორიშვილის გუნდის მიერ 2015 წელს მოხერხდა. პროგრამა „გადაიღე საქართველოში“  საერთაშორისო კინოკომპანიებს საქართველოში გადაღებული ფილმის დროს დახარჯული თანხის მეოთხედს უნაზღაურებს. ერთი წლის მანძილზე, ამ სქემის მიხედვით გადაღებული 5 ფილმის ბიუჯეტმა შვიდ მილიონ ლარს გადააჭარბა, პროცესში ანაზღაურებად მომსახურებას ეწეოდა 650 ადგილობრივი პროფესიონალი. ასევე, საქართველოში უკვე გადაღებულია 30-მდე საერთაშორისო მუსიკალური ვიდეო და სარეკლამო კლიპი, რომლის გადაღებაშიც  დასაქმდა და გამოცდილება მიიღო კინოინდუსტრიაში მომუშავე ასობით პროფესიონალმა თუ ქართულმა კომპანიამ – დაფიქსირდა სექტორის 40%-იანი ზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები