პროკურატურაში სტაჟირების კონკურსზე განაცხადების მიღების პროცესი დასრულდა

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსზე განაცხადების მიღების პროცესი დასრულდა. პროკურატურის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და საკონკურსო განაცხადი სულ 1315-მა აპლიკანტმა შეიტანა. მაღალი ინტერესი გამოხატეს როგორც სამართლის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა, ასევე, უკვე კურსდამთავრებულმა და სამუშაო გამოცდილების მქონე პირებმა.
საკონკურსო განაცხადების გადარჩევის შემდეგ, სამეტაპიანი შერჩევის პროცესი დაიწყება. პირველ ეტაპზე, კონკურსანტებს პროფესიული ტესტირება, მეორე ეტაპზე – ტესტირება ზოგად უნარებში და მესამე ეტაპზე  – გასაუბრება ჩაუტარდებათ. ყოველ შემდეგ ეტაპზე კონკურსანტი პირველი საკონკურსო ზღვარის წარმატებით გადალახვის შემდეგ გადავა. შერჩევის შემდეგ, წარმატებული სტაჟიორობის კანდიდატები სპეციალურ სასწავლო მომზადებას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაივლიან. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომელიც სტაჟიორებს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება.
საბოლოოდ, შერჩეული კანდიდატები სტაჟირებაზე საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდებიან. პროკურატურაში ანაზღაურებადი სტაჟირება 1 წლამდე ვადით გრძელდება, რაც ნებისმიერ მონაწილეს დასაქმებისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები