სასამართლოს სისტემის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა – რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პრობლემების მოსაგვარებლად

სასამართლოს სისტემის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა, მასში სასამართლოს განვითარების 5-წლიანი ხედვაა წარმოდგენილი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, კახა სოფრომაძის განმარტებით, დოკუმენტში თავმოყრილია ის პრობლემები და გამოწვევები, რაც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს და შეჯამებულია ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
​როგორც საბჭოს წევრმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, დაიწერა სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია, რა ვადებში რომელი კონკრეტული პრობლემა უნდა მოგვარდეს. სასამართლო სისტემის პრობლემებზე საუბრისას, სოფრომაძემ მოსამართლეთა ინდივიდუალური როლის გაძლიერებაზე და სასამართლოს ახალი შენობის დამატების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობაც, რადგან არასაკმარისი დარბაზების და მოსამართლეთა მცირე რაოდენობის გამო, საქმეების განხილვა ჭიანურდება.
„ ამ დოკუმენტის მიღება წინგადადგმული ნაბიჯია ქართული საზოგადოების განვითარებისთვის. დოკუმენტზე მუშაობისას, ძირითადად, 4 მიმართულება გამოიკვეთა. ეს იყო დამოუკიდებლობა, ხარისხი, ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა. დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მოსამართლის ინდივიდუალური როლის გაძლიერება. ამ მხრივ, სერიოზული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი როგორც სასამართლო სისტემას, ასევე, საქართველოს პარლამენტს, შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღების თვალსაზრისით. დღეს რაც არ უნდა დარწმუნებული იყოს მოსამართლე, რომ ამა თუ იმ პიროვნების ციხის გარეშე რეაბილიტაცია შესაძლებელია, მას არ აქვს უფლება ან პირობითი მსჯავრი ან იმაზე ნაკლები სასჯელი გამოიტანოს, ვიდრე განსაზღვრულია. ვფიქრობ, მოსამართლეს ეს დისკრეცია უნდა მიეცეს. მან განაჩენი თავისი შინაგანი რწმენით უნდა გამოიტანოს და რომელი ადამიანის რესოციალიზაციაც შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის გარეშე, უნდა მიეცეს ამის საშუალება. დღეს ეს დისკრეცია მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურას გააჩნია, საპროცესო შეთანხმების კუთხით. მოსამართლეს სისხლის სამართლის პროცესში კითხვის დასმის უფლებაც არ აქვს მხარეზე, თუკი მხარეები არ დაეთანხმებიან ამას. მოსამართლემ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და განაჩენი გამოიტანოს ისე, რომ შეიძლება, მხარეს ვერც დაუსვას კითხვა. ამიტომ მოსამართლის ინდივიდუალური როლის გაძლიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სასამართლო სისტემისთვის. პრობლემაა ასევე, მოსამართლეთა რაოდენობა და გადატვირთული სასამართლოები. ეს მოქმედებს ხარისხზე და ხელმისაწვდომობაზე. მე ვფიქრობ, მოსამართლეების დამატების და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, სამუშაოებია ჩასატარებელი. ეს უნდა მოხდეს ხელისუფლების დახმარებით. მართალია, სასამართლოს თავის ბიუჯეტი აქვს, მაგრამ ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე, სასამართლო ახალ შენობას ვერ ააშენებს. საქალაქო სასამართლოზე ახალი კორპუსის მიშენება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, მომავალ წელს, მოსამართლეებისთვის კაბინეტის და დარბაზის პრობლემა გადაწყვეტილი იქნება . ეს საშუალებას მისცემს იუსტიციის საბჭოს, რომ მოსამართლეები დაამატოს და საქმეები დროულად დასრულდეს“, – განაცხადა კახა სოფრომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები