სამშენებლო კომპანია „სოლო დეველოპმენტის“ მშენებლობაზე უბედური შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა

სამშენებლო კომპანია „სოლო დეველოპმენტის“ მშენებლობაზე უბედური შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა. დღეს დილით, თბილისში, პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქუჩაზე N57-ში მდებარე მშენებარე კორპუსის მე-9 სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
სამშენებლო კომპანიის დირექტორი, გიორგი აფციაური „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მშენებარე კორპუსის გარე ფასადის მოპირკეთებას კომპანია „თერმო ლუქსი“ ახორციელებდა, რომელსაც საკუთარი ბრიგადა ჰყავდა. აფციაურის თქმით, „სოლო დეველპმენტსა“ და „თერმო ლუქსს“ შორის ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომლის მიხედვითაც მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომებზე პასუხისმგებლობა „თერმო ლუქსს“ ეკისრება.
„უბედური შემთხვევა მოხდა. მშენებარე კორპუსის მოპირკეთებას შპს „თერმო ლუქსი“ ახორციელებს, სწორედ მათ მიერ დაქირავებული იყო შუახნის მამაკაცი, რომელიც გარე ფასადს ლესავდა. იგი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას სამშენებლო კომპანიის დირექტორმა, გიორგი აფციაურმა.
მისი თქმით, გარდაცვლილი წარმოშობით სვანეთიდან იყო. ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ოქტომბერში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე სამშენებლო კომპანია „სოლო დეველოპმენტის“ მშენებლობაზე ტრაგედია მოხდა. მაშინ, 26 წლის თემურ გურგენაშვილი, რომელიც მშენებლობაზე მუშად მუშაობდა, გადმოვარდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. შპს „სოლო დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელია კახაბერ მანჯავიძეა. კომპანია 2015 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები