პროკურატურის მუშაკთა ქცევის მარეგულირებელი ეთიკის ახალი კოდექსი კანონიერ ძალაში შევიდა

პროკურატურის მუშაკთა ქცევის მარეგულირებელი ეთიკის ახალი კოდექსი კანონიერ ძალაში შევიდა. მთავარი პროკურატურის მიერ შემუშავებული ეთიკის ახალი კოდექსი საქართველოს მთავარმა პროკურორმა ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასამტკიცებლად იუსტიციის მინისტრს წარუდგინა, რომელიც 2017 წლის 25 მაისს დამტკიცდა და გამოქვეყნდა.
როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ეთიკის ახალი კოდექსი საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ მთავარ პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა შეიმუშავა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის ქმედებები, რომელიც დისციპლინურ გადაცდომად ითვლება.
გარდა ამისა, ეთიკის ახალი კოდექსი დისციპლინურ გადაცდომებს სიმძიმის ხარისხის მიხედვით ჰყოფს და აკონკრეტებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს ამა თუ იმ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, რაც თავის მხრივ, გამჭვირვალეს ხდის დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ეთიკის ახალ კოდექსში შესული ცვლილებებით, პროკურატურის მუშაკის ქმედებები კიდევ უფრო მეტად ექცევა ეთიკის ჩარჩოებში, რაც საზოგადოების მხრიდან საჯარო მოხელის მიმართ გამოცხადებული ნდობის როგორც განმტკიცებას, ასევე,  ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ეთიკის ახალი კოდექსი მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემისა და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, პროფესიული ეთიკის სტანდარტისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის დახვეწას.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესში, პროექტი პროკურატურის თანამშრომლებს გააცნეს და კოდექსის შემუშავებისას, მათი აზრი მაქსიმალურად გაითვალისწინეს. ეთიკის კოდექსის პროექტი მოწონებული იქნა როგორც საქართველოში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ასევე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლობის და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ.
კოდექსის პროექტმა, ასევე, გაიარა ევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტში მონაწილე სპეციალისტთა ექსპერტიზა. თითოეულმა მათგანმა პოზიციის დაფიქსირების დროს, მიუთითა, რომ მსგავსი შინაარსით ეთიკის ახალი კოდექსის მიღება და ამოქმედება საქართველოს პროკურატურის მხრიდან კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, დემოკრატიული პრინციპების, პროკურატურის თანამშრომელთა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის კუთხით.
ეთიკის ახალი კოდექსის შინაარსის განჭვრეტადობის და ერთიანი პრაქტიკის შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურა პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალი კოდექსის კომენტარების შექმნას გეგმავს. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პროკურატურის მოქმედი შინაგანაწესის შეცვლისა და მისი თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე.
საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს და ევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ექსპერტებს გაწეული მნიშვნელოვანი საექსპერტო მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები