პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი – „კვარტალური ეკონომიკური ბარომეტრი” გაიმართა

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა, რომელიც პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმას წარმოადგენს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებთან თანამშრომლობით, დეპუტატებისთვის ახალი პროგრამა  – „კვარტალური ეკონომიკური ბარომეტრი” წარმოადგინა.

პროგრამის მიზანია: კვარტალში ერთხელ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში, საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციებისა და პროგნოზების განხილვა, რაც კერძო სექტორს შესაძლებლობას მისცემს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობასა თუ არაეფექტურობაზე და სავარაუდო რისკებსა თუ მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელოს.

პროგრამის „კვარტალურ ეკონომიკური ბარომეტრი” მონაწილეებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კაციაშვილმა მიმართეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა თავად ისაუბროს ჩართულობაზე. მთავარია, ბიზნესს ჰქონდეს განცდა, რომ მათი ჩართულობა არის მზარდი პროცესი და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც. ზოგადად, კანონპროექტების განხილვის არსებული პრაქტიკა დასახვეწია. მე ვფიქრობ, პარლამენტს უნდა ჰქონდეს თავისი ფორმატი ჩართულობის და კონსულტაციების გადამოწმებისთვის. არ არსებობს საკანონმდებლო ინიციატივა, სადაც არ ხდება კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების გადაკვეთა და დაპირისპირება. როდესაც არსებობს დაპირისპირება, ეს ნიშნავს, რომ რომელიმე მხარემ რაღაც უნდა დათმოს და დათმობის ლოგიკა თვალსაჩინო და გასაგები იყოს ყველასთვის. სწორედ ამას ემსახურება საპარლამენტო ჩართულობა,” – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, ჯერ კიდევ ბევრი რამე დასახვეწია და დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურება.

„საჯარო და კერძო სექტორს შორის ღია და საქმიანი დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია, როცა იგი ეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, გამოწვევებს და პერსპექტივებს, მაკროეკონომიკურ ანალიზს, შეფასებებს და პროგნოზს. მით უმეტეს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში ზოგჯერ სჭარბობს დილეტანტიზმი და ადგილი აქვს სუბიექტურ, მიკერძოებულ შეფასებებს პოლიტიკური თუ სხვა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, პროგრამა „კვარტალური ეკონომიკური ბარომეტრის” კარგი პლატფორმაა, სადაც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ, შეაჯერონ საკუთარი მოსაზრებები, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის სასარგებლო იქნება.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართა ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კაციაშვილმა,

„მოხარული ვარ, რომ დღეს საფუძველი ეყრება ახალ პროგრამას დეპუტატებისთვის, რომლის კონცეფციაც ჩვენ დიდი ხანია მზად გვქონდა და პარლამენტის ღიაობის დამსახურებაა, რომ ამ პროგრამას საფუძველი ჩავუყარეთ. ჩვენი ცენტრი წარმოადგენს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმას პარლამენტში. ვემსახურებით და ხელს ვუწყობთ კანონმდებელთა გადაწყვეტილებების ინფორმირებას, კერძო სექტორთან კონსტრუქციული დიალოგის უზრუნველყოფას და ვემსახურებით უკეთესი ეკონომიკური კანონმდებლობის და ბიზნესგარემოს შექმნას,” – განაცხადა ნათია კაციაშვილმა.

პროგრამის ირგვლივ გაიმართა მსჯელობა. მოხსენებები წარმოადგინეს და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG), ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham), გალტ ენდ თაგარტის, მისო კრისტალის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებმა.

კანონმდებლებს ბიზნესისა და მომხმარებელთა განწყობის ინდექსებსა და ეკონომიკური რეფორმების პროგრესის შეფასება თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გააცნეს.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები, ბიზნესომბუდსმენი, ბიზნეს ასოციაციების, კერძო კომპანიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

არასამთავრობო, აპოლიტიკური და არალობისტური ორგანიზაცია ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC) როგორც საკანონმდებლო დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმა, ბრიტანული ანალოგის შესაბამისად, საქართველოში 2004 წელს, ევროკომისიის მხარდაჭერით დაფუძნდა. ცენტრის ძირითადი მიზანია: კანონმდებელთა გადაწყვეტილებების ინფორმირება, კანონშემოქმედებით საქმიანობაში კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდა, საჯარო და კერძო სექტორებს შორის კონსტრუქციული დიალოგის განვითარება და საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობა, უკეთესი ეკონომიკური კანონმდებლობისა და უფრო ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები