30 მაისს დილის 11:00 საათიდან თბილისში შესაძლოა გაზის სპეციფიური სუნი დაფიქსირდეს

30 მაისს, დილის 11:00 საათიდან, თბილისში შესაძლოა, გაზის სპეციფიკური სუნი დაფიქსირდეს.  ამის შესახებ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი გაზგამანაწილებელი სადგურების მოდერნიზაციის სამუშაოებია.
„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აგრძელებს გაზგამანაწილებელი სადგურების მოდერნიზაციის სამუშაოებს. ამ ეტაპზე, ავტომატური ოდორიზაციის კვანძები გაჩიანისა და გლდანის გაზგამანაწილებელ სადგურებში დამონტაჟდა, რომლებიც მიმდინარე წლის 30 მაისს დილის 11:00 საათიდან ტესტირების რეჟიმში ჩაირთვება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დღის განმავლობაში დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი. აღსანიშნავია, რომ ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი გაზისთვის სპეციფიკური სუნის მისაცემად, რათა გაჟონვის შემთხვევაში, დროულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი. აქვე დავძენთ, რომ ავტომატური ოდორიზაციის კვანძის ექსპლოატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს ოდორანტის ნორმირებულ ხარჯვას, რაც გამორიცხავს ბუნებრივი გაზის ჭარბი დოზით ოდორიზებას. ამ დრომდე, ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის პროცესი მექანიკურად, პასუხისმგებელი ოპერატორის მიერ ხორციელდებოდა.
უახლოეს მომავალში, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ოდორიზაციის ავტომატიზებული სისტემით საქართველოს ყველა საკვანძო გაზგამანაწილებელი სადგური აღიჭურვება“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები