თბილისში 18 ივნისს „პოზიტივის კარნავალი“ გაიმართება

18 ივნისს თბილისში, რუსთველის გამზირზე, „პოზიტივის კარნავალი“ გაიმართება. როგორც კარნავალის დამფუძნებელმა, რუსუდან ოსიყმაშვილმა პორტალ “კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ეს ღია ცის ქვეშ გამართული სახალხო დღესასწაულია, რომლის მიზანია მეტი პოზიტივი შეიტანოს მოსახლეობაში.
რაც შეეხება უშუალოდ კარნავალის მიმდინარეობას, საღამოს რეჟისორის, გიორგი სუქნიძის თქმით, 18 ივნისის საღამო სანახაობრივად დატვირთული იქნება. კარნავალი 4 საათზე რუსთაველის მეტროდან მარშით დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. მარშის შემდეგ კი სხვადსხვა წარმოდგენები, გამოფენები და კონცერტი დაიწყება.
„ მარშირება რუსთაველის მეტროსთან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დამთავრდება. ქუჩა გადაკეტილი იქნება 9 აპრილის ქუჩის ასახვევიდან ბესიკის ქუჩის ასახვევამდე. კარნავალში სხვადასხვა უნივერსიტეტები მონაწილეობენ. იქნებიან სხვადასხვა კოსტიუმებში გამოწყობილი პერსონაჟები, იქნებიან დამკვრელები. ავტომუზეუმმა გამოგვიყო ერთი მანქანა, რომელიც მარშში მიიღებს მონაწილეობას. იქნებიან ბაიკერებიც, რომლებიც გარკვეულ სანახაობას წარმოადგენენ. გარკვეულ ფლეშმობს წარმოადგენენ კარნავალის მონაწილე ბავშვები, რის შემდეგაც 3-საათიანი გასართობი წარმოდგენები დაიწყება. ამ წარმოდგენის ფარგლებში, მოეწყობა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ფერწერული ტილოების, ქანდაკებების და ფოტოსურათების გამოფენა. გვაქვს თოჯინების თეატრის ზონა, სადაც ასევე გარკვეული სანახაობები იქნება. კარნავალი დაყოფილი იქნება ზონებად. იქნება „ქართული ზონა“, რომელიც როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის საინტერესო იქნება. გვაქვს ასევე, ყვავილების ზონა, ზონა ფოტოსესიისთვის და სხვა. ამის შემდეგ, დაიწყება გალა კონცერტი, რომელში მონაწილეობასაც მიიღებენ “ნიკოლშოუ”, მანუს კრიფტი, ქავერსითი , რეზო და ბავშვები და “სეუ არტ პროჯექტი”. კონცერტის შემდეგ კი კარნავალი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება“, – განაცხადა კარნავალის რეჟისორმა, გიორგი სუქნიძემ.
კარნავალის ორგანიზატორებს საღამოს ორგანიზებაში თბილისი მერია დაეხმარა. „პოზიტივის კარნავალის“ ორგანიზატორი ნინო ბაინდურიშვილი მერიას მხარდაჭერისა და საღამოს ტექნიკური უზრუნველყოფისთვის მადლობას უხდის.
„ კარნავალი მერიის მხარდაჭერით და მისი ტექნიკური უზრუნველყოფით ტარდება, რისთვისაც მერიის ადმინისტრაციას დიდ მადლობას ვუხდით. კარნავალში პირდაპირი ჩართულობის სახით მონაწილეობენ სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის არის კომპანია „ყაზბეგი“, რომელიც გვეხმარება თავისი ქართული პროდუქტით, ასევე, გვერდით გვიდგას თბილისის ავტომუზეუმი, ბაიკერების გუნდი. არასამთავრობო ორგანიზაციები გვეხმარებიან მოხალისეთა გუნდით. კარნავალში ჩართულია სამხატვრო აკადემია, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ასევე, “სეუ არტ პროჯექტი”, რომელიც თავის უნივერსიტეტს წარმოადგენს. კარნავალი იქნება ძალიან მრავალფეროვანი და მასში თითოეული ადამიანი პირადად იქნება ჩართული, ადგილზე მისულ მაყურებელს საშუალება ექნება, რისი შესაძლებლობაც აქვს, ის გაუზიაროს საზოგადოებას. კარნავალზე არსებულ „ქართულ ზონაში“ წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქცია, რაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩვენთვის, ისე უცხოელი ტურისტებისათვის“,- განაცხადა ნინო ბაინდურიშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ ფრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები