„წვევამდელები სამხედრო სამსახურისგან თავს ავადმყოფობის სიმულაციით და თვითდაზიანებებით ვეღარ დაიხსნიან“
უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით, პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებას განიხილავენ. ცვლილებები წვევამდელებს ეხება. როგორც აღნიშნული კომიტეტის წევრმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კობა ნარჩემაშვილმა პორტალ “კვირას“ პრესკლუბში განმარტა, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, წვევამდელებს აღარ ექნებათ საშუალება, საკონსტიტუციო ვალდებულებას სამხედრო სამსახურის შესახებ თავი ტყუილით, თვითდაზიანებით ან ავადმყოფობის სიმულაციით დააღწიონ.
„ საქმე ეხება მოქალაქეების კონსტიტუციურ ვალდებულებას, დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ხშირ შემთხვევაში, ხდება წვევამდელებისაგან სხვადასხვა მოტივაციით, მოტყუებით, თვითდაზიანებით, ავადმყოფობის სიმულაციით საყოველთაო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება. ამ ურთერთობის უკეთესად მოწესრიგებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსში გვინდა შემუშავებული იქნას ახალი დამატებები, რომელიც პრაქტიკულად, ხარვეზებს გამორიცხავს და არაკეთილსინდისიერ მოქალაქეს არ მისცემს საშუალებას, სიმულაციით, თვითდაზიანებით და მოტყუებით თავი აარიდოს სამხედრო სავალდებულო სამსახურს. კარგად უნდა მოხდეს ამ ტიპის საგამოძიებო საქმეების პრაქტიკის გააზრება, როგორც წვევამდელებთან, ისე უკვე სამხედრო პირებთან დაკავშირებით. ჩვენ არ დავტოვებთ თეთრ ადგილებს იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირმა შეძლოს, საკანონმდებლო ხარვეზის გამოყენებით, თავი აარიდოს საყოველთაო სამხედრო სამსახურს. ეს პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია , საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ცდილობს, თავი აარიდოს საყოველთაო სამხედრო სამსახურს. ინიციატივა კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილეს, შემდგომ სხვა კომიტეტებშიც შედგება მისი განხილვა, რის შემდეგაც სასესიო მოსმენები შედგება. ამ ინიციატივაში მთავარია არა სანქციები, არამედ ის, რომ წვევამდელმა იგრძნოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.