თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება

29 მაისს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 29 მაისიდან 2 ივნისამდე გაგრძელდება.
მესამე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა 23 ავტორი 17 ქვეყნიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.
თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც მწერალთა სახლში, ასევე გოეთეს ინსტიტუტში, „კავკასიურ სახლში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეფო უბნის თეატრში, ეროვნული ბიბლიოთეკის ღვინის დარბაზში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ფესტივალის განსაკუთრებული სტუმრები არიან გერმანელი ავტორები და გამომცემლები. ქართულ-გერმანული მეგობრობის 2017-18 წლების ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ერთობლივად ჩაატარებენ ქართველი და გერმანელი ავტორების შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და სარეზიდენციო პროგრამებს.
2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. სწორედ ამ საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ამ პროგრამის პლატფორმას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები