ფრაიბურგში ფოტოგამოფენა – „ორი ამბავი საქართველოდან“ გაიხსნა
2017 წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელია. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში ქართული კვირეული იმართება.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, გამოფენის ფარგლებში თეატრის, კინოს, მუსიკისა და ლიტერატურის მიმართულებით, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.
24 მაისს, ქალაქ ფრაიბურგში ფოტოგამოფენა „ ორი ამბავი საქართველოდან“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო ესწრებოდა.
„ორი ამბავი“ – ეს არის ორი განხვავებული და სხვადასხვანაირად მოყოლილი ამბები საქართველოდან, რომელსაც ფოტოგრაფები – ნინო ალავიძე და ქრისტოფ შუმახერი პირადი ისტორიების მეშვეობით გვიყვებიან. გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და ის ფრაიბურგში 30 მაისამდე გასტანს.
ქრისტოფ შუმახერი ახალგაზრდა მუსიკოსების ამბავს მოგვითხროს. ფოტოგრაფი მათი ამბის მოყოლას იწყებს, როცა მუსიკოსები ჯერ კიდევ პატარა ბავშვები არიან, ახლა კი ისინი ზდასრულ პიროვნებებად იქცნენ. თითოეული ფოტო მათ ტრანსფორმაციაზე, სამყაროსა და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. ნინი ალავიძის ისტორია ნახევრად მიტოვებულ სოფელ მიტარბზე , ცარიელ შენობებზე, ორიოდე ოჯახსა და მათ მოულოდნელ სტუმრებზე მოგვითხრობს.
2017 წელი საქართველო-გერმანიის წლად ორ სახელმწიფოს შეთანხმების საფუძველზე გამოცხადდა. საქართველო-გერმანიის (2017) წლის კონცეფციაა “მომავლის მემკვიდრეობა”. გერმანია და საქართველო 2017 წელს ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.
2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან.
ზემოხსენებული იუბილეების აღსანიშნავად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და ორგანიზებით, 2017 წელს, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება.
წლის ოფიციალური გახსნის ცერემონია საქართველოში 21 აპრილს, გერმანიაში კი 26 აპრილს გაიმართა.