მამუკა მდინარაძე და ანრი ოხანაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდნენ

პარლამენტის წევრები – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და ანრი ოხანაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს შეხვდნენ.
დეპუტატები დღეს მედიაკლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ იმყოფებოდნენ, სადაც სტუდენტებს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ესაუბრნენ და მათ კითხვებს უპასუხეს.
პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიზეზები განმარტეს და აღნიშნეს, რომ მოქმედი კონსტიტუცია იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, დასახვეწი იყო. დეპუტატებმა ისაუბრეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის შესახებაც.
მამუკა მდინარაძემ და ანრი ოხანაშვილმა ახალგაზრდებს კონსტიტუციური პროექტის ახალი ნორმები გააცნეს და იმ ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც, მათი თქმით, მოქმედ კონსტიტუციაში არ არის ასახული. ადამიანის უფლებების თავზე საუბრისას, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებების თანახმად, გაზრდილია ადამიანის უფლებების სტანდარტი და გათვალისწინებულია ისეთი ახალი ძირითადი უფლებები, რომლებიც ამ დრომდე გარანტირებული არ იყო, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობაც. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, 22-23 მაისს, ბერლინში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვისას, ექსპერტების მხრიდან, ადამიანის უფლებების თავში განხორციელებული ცვლილებები სერიოზულ პროგრესად შეფასდა.
მამუკა მდინარაძემ და ანრი ოხანაშვილმა განმარტეს საარჩევნო სისტემასთან, საპარლამენტო მმართველობის ახალ მოდელთან, ბონუსის სისტემასთან, მიწის საკითხთან, პრეზიდენტის არჩევის წესთან, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების არსი. ისაუბრეს კონსტიტუციის 94-ე მუხლის შესახებაც.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, სტუდენტების მხრიდან ისეთი მოსაზრებები გამოითქვა, რომლებიც საყოველთაო-სახალხო განხილვების დროსაც გამოიკვეთა. მამუკა მდინარაძემ დღევანდელი შეხვედრა წარმატებულად შეაფასა და განაცხადა, რომ სტუდენტების მხრიდან გამოთქმული რამდენიმე არგუმენტის შესახებ მსჯელობა გაგრძელდება.
„ბევრი არგუმენტი მოვისმინეთ ბევრ საკითხთან მიმართებით, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის დროსაც გამოიკვეთა. მათ შორის, საუბარი იყო 94-ე მუხლთან დაკავშირებით და ამ მუხლზე საპირისპირო არგუმენტებიც მოვისმინეთ, რომელიც დატოვების აუცილებლობას შეეხებოდა და იმ გარკვეული აქციით იყო გამოწვეული, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს გამოიკვეთა. საპირისპირო აზრი ამის გამო გამოითქვა და მათ შორის, საკმაოდ არგუმენტირებულიც. ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ასევე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით და სხვა მრავალ საკითხზე, რომელზეც ჩვენ მთელი ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ წარმატებული იმიტომაც იყო დღევანდელი დღე, რომ რამდენიმე არგუმენტის შესახებ ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ, მივიტანთ ჩვენს გუნდამდე ამ არგუმენტებს, რომელიც დღეს აქ იქნა გამოთქმული“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სტუდენტებმა კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს და მათთან შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.
“ჯიპას სტუდენტებმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოხატეს საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. იყო ძალიან აქტიური სჯა-ბაასი. შეკითხვების ფორმატი გვქონდა. გავაცანით კონსტიტუციის პროექტის იმ მნიშვნელოვანი სიახლეების დეტალები, რომლებზეც საკონსტიტუციო კომისიამ იმსჯელა. სტუდენტებს აინტერესებდათ სხვადასხვა საკითხები, იქნებოდა ეს სამართლებრივი თუ პოლიტიკურ-სამართლებრივი. იყო ძალიან საინტერესო შეკითხვები. ჩანდა, რომ სტუდენტები ერკვეოდნენ მთელ რიგ საკითხებში და იცნობდნენ კონსტიტუციის პროექტს, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენ ძალიან დიდი ენთუზიაზმით და მზადყოფნით ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს. ვფიქრობ, რომ დღეს სტუდენტებთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სტუდენტ თორნიკე ფაღავას შეფასებით, პარლამენტის წევრებისგან სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
„ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა იყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მამუკა მდინარაძეს მადლობა გადავუხადო. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ძალიან კარგი არგუმენტები მოვისმინეთ. ამომწურავი იყო ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ. ძალიან პროდუქტიული შეხვედრა იყო“,- აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები