საქართველოს პარლამენტის წევრებმა მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს

„ძალიან სიმბოლურია, რომ ჩვენი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა. ეს შემთხვევითი არ არის. ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას გენეტიკურ კოდში აქვს თავისუფლებისაკენ და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა,”-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დავით მათიკაშვილი და ნინო წილოსანი მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდნენ, სადაც მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილმა განცხადებით, ისეთი გმირების მნიშვნელობა ქვეყნის ისტორიისთვის, როგორიც მერაბ კოსტავაა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღეებში განსაკუთრებულად ჩანს. „არსებობენ პიროვნებები, რომლებმაც ეპოქალური მნიშვნელობა შეიტანეს საქართველოს ისტორიაში. რომელთა ღვაწლიც სწორედ დღევანდელ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად ჩანს. მათ თავიანთი გმირული ცხოვრებით განსაკუთრებული კვალი დატოვეს სრულიად საქართველოს ისტორიაში. ცალსახად შეიძლება გითხრათ, რომ ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ მერაბ კოსტავა, ეროვნული მოძრაობის და სრულიად საქართველოს გმირი,”-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მამუკა მდინარაძემ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„მამადავითიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვო ბევრი წარმატება იმ გზაზე, რა გზასაც სწორად ვადგავართ. ეს ამ დღეებშიც გამოჩნდა. ჩვენი სტუმრებიც, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებიც, ამას ადასტურებენ.
დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყანაში იქნება ყველაფერი კარგად. იქნება მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და იქნება მეტი ხვავი და დოვლათი ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახებში,”-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები